აშშ-თან ჩვენ გვქონდა და დღესაც გვაქვს მზაობა, თვისობრივად ახალ ურთიერთობაზე გადავიდეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„გვაქვს მზაობა, დავიწყოთ ყველაფერი ახალი ფურცლიდან და გამოსწორდეს ის ურთიერთობები, რომელიც წინა ადმინისტრაციამ საგრძნობლად დააზიანა, იმ საერთო პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც დღეს ვხედავთ გააფთრებულს ევროპულ ბიუროკრატიაში“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, საქართველო ხელისუფლება აპირებს, იხელმძღვანელოს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

„ჩვენი ქვეყანა აპირებს, იხელმძღვანელოს მხოლოდ და მხოლოდ თავისი ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ჩვენ მსოფლიოს ნაწილი ვართ და ვხედავთ, როგორ იცვლება მთელი გეოპოლიტიკური უსაფრთხოების არქიტექტურა, ძალიან კარგად ვხედავთ, როგორ იცვლება მსოფლიოში მსოფლიო ეკონომიკის არქიტექტურა და ჩვენი, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ვალია, ასეთ ძვრებში და ცვლილებებში ჩვენი როლი არ დავკარგოთ, ისტორიული როლი, რომელიც გეოპოლიტიკურად ჩვენ გვაქვს და მეტიც, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის გეოგრაფიული მდგომარეობა, რომელიც გვაქვს. სიმდიდრე რომ არის და სწორედ ეს რომ მოგვდევს ისტორიულად, ამას უნდა მოვუფრთხილდეთ, ჩვენი ქვეყნის იმ ხიდის როლს, რომელიც ისტორიამ გვარგუნა. ამას მხოლოდ პრაგმატული, ცივი გონებით და ცივი პოლიტიკით აწარმოებს „ქართული ოცნება“ და განსაკუთრებით, ძალიან გამოხატულად, 2022 წლის შემდეგ, როდესაც დიდი ბულინგი წამოვიდა საქართველოს მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, როდესაც ნატო-ს გაფართოებაზეა საუბარი, ხელისუფლება აღარ აპირებს, ილუზიაში იცხოვროს და აცხოვროს საკუთარი საზოგადოება.

„საქართველო უნდა აღმოჩნდეს იმ მოცემულობაში, რომელი მოცემულობაც იძლევა ქვეყნის მშვიდობიანად განვითარების შანსს; მოცემულობაში, რომელიც იძლევა მშვიდობიანი გზით ჩვენი დების და ძმების, ჩვენი დაკარგული და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას და ჩვენი ქვეყანა უნდა აღმოჩნდეს იქ, სადაც ეს მშვიდობა პირდაპირ დაკონვერტირდება ჩვენს ეკონომიკურ კეთილდღეობაში. რა პოლიტიკა, როგორი პოლიტიკა სჭირდება ამას, როგორ უნდა ვიმოძრაოთ? ჩვენ უნდა ვიმოძრაოთ ასე – მაქსიმალურად უნდა გქონდეს დივერსიფიცირებული ინვესტიციები და მაქსიმალურად ბევრი მიმართულებით, სხვადასხვა წამყვანი, თუნდაც არაწამყვანი ქვეყნიდან ჩვენ ქვეყანაში უნდა იქნას მოზიდული ინვესტიციები. ინვესტიციები ვერ იქნება მოზიდული, თუ ქვეყანაში არ გაქვს პროგნოზირებადი და სტაბილური ვითარება. ინვესტორი თუ შენ ქვეყანაში ვერ პროგნოზირებს შენს სამშვიდობო პოლიტიკას და სტაბილურობას, გამორიცხულია, აქ ინვესტიცია ჩაიდოს. საზოგადოება ხედავს იმ უპრეცედენტო ნაბიჯებს, რომელიც ხორციელდება ჩვენ ქვეყანაში. ჩვენი მთავარი მიმართულება და სტრატეგიაა ასევე, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ენერგო დამოუკიდებელი და ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ ის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის მინისტრთან და მთლიან ეკონომიკურ ბლოკთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება პირველ რიგში საკუთარ ქვეყანაზე ფიქრობს.

„საქართველო უპირველეს ყოვლისა, ქართული ინტერესები უპირველეს ყოვლისა. დანარჩენი, როგორც ავხსენი, დავაკვირდებით ყველა მოვლენას“, – აღნიშნა კირცხალიამ.

შეკითხვაზე, რას აპირებს ხელისუფლება ნატო-სთან დაკავშირებით, კირცხალიამ აღნიშნა, რომ ყველა თავმოყვარე, პატრიოტი ხელისუფალი ყველა ქვეყანაში იქცევა ასე, რომ გამოდის თავისი ქვეყნის საუკეთესო ინტერესიდან და შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება დააკვირდება მოვლენებს.

„რაც შეეხება ნატო-ს, შევახსენებ ყველას, ჩვენს მეგობრებს, საზოგადოებას, რომ ერთ სულ მოსახლეზე კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის იყო პირველ ადგილზე სხვადასხვა მისიაში. შემდეგ ვნახეთ მათი დამოკიდებულება. თქვენ როდესაც კითხვას მისვამთ მე, მმართველი გუნდის წარმომადგენელს, რას ვაპირებთ, ჩვენ, რას ვაპირებთ არა, ისინი რას აპირებენ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.