„მინდა გაცნობოთ, რომ მარტიდან ვგეგმავ 10 რეგიონში ჩასვლას. მექნება 10 გასვლითი ღონისძიება. ვაპირებ შევხვდე ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ჩვენს აქტივს, მოსახლეობას, რათა ადგილზე გავეცნო მათ საჭიროებებს.  -  ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ თავისი სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

"მთავარი მიზანი ამ შეხვედრების იქნება რეალურად წინასაარჩევნო კამპანიის მომზადება, მზადება არჩევნებისთვის, ჩვენი პარტია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის. მოგეხსენებათ, ჩვენი გაცხადებული მიზანი არია, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ ამ არჩევნებზე. ამისთვის საჭირო არის მაქსიმალური მობილიზაციის გაკეთება, ჩვენი რესურსების, ჩვენი აქტივის მთლიანად მობილიზება, რომ მივიღოთ ძლიერი გამარჯვება და ძლიერი შედეგი ამ არჩევნებზე. მე გავიმეორებ ჩვენს მიზანს – ჩვენი მიზანი არის მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს. მე მექნება მათთან შეხვედრები, გვექნება ათი გასვლითი ღონისძიება. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რა თქმა უნდა, პარლამენტთან. მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და წარმატება ვუსურვო პრემიერ კობახიძის მთავრობას, ყველა მინისტრს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.