4 ოქტომბერზე არაერთხელ იქნა პასუხი გაცემული, ყოველდღიურ რეჟიმში არ მინდა საუბარი, რადგან „ქოცებს“ აწყობთ იმაზე საუბარი, თითქოს სხვაც იყო მოძალადე. სინამდვილეში, არცერთ ეტაპზე არ ყოფილა საპროტესტო მასა მოძალადე, არც 4 ოქტომბერს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ 4 ოქტომბერს იყო პოლიტიკური პროვოკაცია.

„დეტალებში გავერკვევით უფრო კარგად მას შემდეგ, რაც კონკრეტული ადამიანები მეტს იტყვიან. მანამდე ნაკლები ინფორმაცია გვაქვს, თუმცა ეს ადამიანები, ვინც 4 ოქტომბერს და მანამდე იყვნენ, მერეც იკრიბებოდნენ, მოძალადეები არასოდეს ყოფილან. 4 ოქტომბერს კი არა, არც ერთ ეტაპზე ძალადობის დამწყები და ინიციატორი ქართველი ხალხი არ ყოფილა. ძალადობის და ქაოსის, კრიზისის მორევში ჩაგვითრია ივანიშვილმა, რომელსაც მიღებული აქვს რეპრესიული კანონები, რომელიც ცემს ადამიანებს, წამლავს მათ და თქვენ ამბობთ, რომ ეს ხალხი უნდა გაჩუმდეს, რადგან ქვეყნის რეპუტაცია არ დაზიანდეს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

მისივე თქმით, საპროტესტო აქციის მონაწილეებს ბევრჯერ ჰქონიათ გაბრაზების მიზეზი, მაგრამ არასოდეს ყოფილა საპროტესტო აქცია ძალადობრივი.

„მე არ მჯერა „მოლოტოვის კოქტეილების“. მუდმივად საუბრობენ ამის შესახებ. ვიდრე პოლიტიკაში მოვიდოდი, მაშინაც იყო იმაზე საუბარი, რომ საბურავებს წვავენ, იმას აკეთებდნენ, ამას აკეთებდნენ. რამდენჯერაც ეს გამოძიება დაიწყო, იმდენჯერ საზოგადოებისთვის სანდო მტკიცებულებები არ დადებულა, რომ მართლა ჰქონია ვინმეს სურვილი, ქვეყანაში მასობრივი არეულობა წამოეწყო. ამდენი წელი რომ მშვიდობიანად იკრიბებიან და აქციებზე დგანან, თუ მოძალადეები იყვნენ, ოდესმე იქნებოდა ხო მოძალადე? გავრილოვის სახითაც ჰქონდათ მიზეზი, გაბრაზებულიყვნენ და ბევრჯერ ჰქონიათ გაბრაზების მიზეზი, მაგრამ არასოდეს არ ყოფილა საპროტესტო აქცია ძალადობრივი.

საპროტესტო აქციები არასოდეს ყოფილა ისეთი, რომ ძალადობის ნიშნები ჰქონოდა. თქვენ შეიძლება იხილოთ მაგალითები, როდესაც საპროტესტო მასა ძალადობრივად იქცევა, მაგრამ საქართველოზე მშვიდობიანი აქციები არც მახსენდება. ბოლო წლებში, გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუცია თავზე დაეხათ, ქვეყანამ გზა შეიცვალა და ხალხი აწამეს, მაშინაც კი, ამ ხალხმა მაქსიმალურად შეინარჩუნა მშვიდობიანობა. როცა ადამიანს თავს ესხმის სპეცრაზმი და ფიზიკურად უსწორდებიან, როცა ადამიანი თავდაცვის რეჟიმში მოქმედებს, ამას ვერ შეადარებ იმას, რომ საპროტესტო აქცია ძალადობრივი იყო. ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია.

რეპუტაციის დაზიანებაზე რომ საუბრობენ, ერთი კონკრეტული პირი, რომელიც ძალადობაში იყო მხილებული, დასაჯეს? ვინმეს დასჯა მოხდა? თვითონ არიან ძალადონის ინიციატორები. მათ რომ სურდეთ, ძალადობა აღარ მოხდეს, თავის მხარესაც ხომ დასჯიდნენ მოძალადეებს. შენს მხარეს რომ საერთოდ არ დასჯი მოძალადეს, რას ნიშნავს, რომ ძალადობა მოსულა“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.