ჩვენ დასავლეთს თუ დავუპირისპირდებით, მეგობრების გარეშე დავრჩებით, მერე კი სანქცირებულები აღმოვჩნდებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში ამბობდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ უნდა შეუჩერდეთ.

„ოპოზიციის წერილს რაც შეეხება, რაღაცა არარსებული მოთხოვნებით, ვიმეორებ ძალიან მკაფიო და საჯაროა ოპოზიციის პოზიცია, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“. ჩვენ წლების განმავლობაში ვამბობდით, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ უნდა შეუჩერდეთ და არცერთი დოკუმენტი სხვა ტიპის შინაარსის არ ყოფილა. სადღაც ბოლო ორი წელია, ვამბობთ, რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ უგუნურმა და ანტიეროვნულმა პოლიტიკამ.

თუ ჩვენ დასავლეთს დავუპირისპირდებით, მეგობრების გარეშე დავრჩებით, მერე სანქცირებულები აღმოვჩნდებით, მერე საბანკო სექტორს შეექმნება პრობლემა, მერე, შეიძლება, მთელი ეკონომიკური სისტემა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს და ეს ჩვენ, როგორ შეიძლება, გვინდოდეს, ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ. ამის შესახებ ვაფრთხილებდით ქართულ საზოგადოებას, მაგრამ ყურად არ ისმინეს. ეგონათ, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება დიქტატურა დაამყარო, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანები ტროტუარზე დგომის გამო დაიჭირო ისე, რომ არაფერი არ მოხდეს. ერთადერთი, ვისაც უნდა, რომ ამ ქვეყანაში დიქტატურა დამყარდეს, რუსეთია. ვისაც ეს არ სურს და ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს არ მომხდარიყო, ჩვენი დასავლელი მეგობრები იყვნენ“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ევროკომისიის პრეზიდენტს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ წერილი გაუგზავნეს: „ჩვენთვის ცნობილია, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო სისტემურად აფერხებს კომისიის მცდელობებს, მიიღოს არსებითი სანქციები ბატონ ივანიშვილისა და მისი კრემლთან დაკავშირებული ქსელის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ვიმედოვნებთ, ეს წინააღმდეგობა დროთა განმავლობაში გადაილახება, ახლად გადახედილი ვიზების შეჩერების მექანიზმი (Visa Suspension Mechanism) ამ მომენტში სთავაზობს რეალურ გზას წინსვლისკენ“, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი და გივი თარგამაძე. 

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართველი ოპოზიციონერებისადმი გაგზავნილ წერილში წერს, რომ „ვიზების შეჩერება, შეიძლება, მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ საქართველოს ხელისუფლება საკითხებს არ მოაგვარებს“.