გულწრფელად ვაღიარებ, რომ პარლამენტში ჩემი გამოსვლა ემოციურად გადაჭარბებული იყო, რის გამოც გულწრფელად მინდა, ბოდიში მოვიხადო - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ოპოზიციონერ დეპუტატ, თეონა აქუბარდიას ბოდიშს უხდის, თუმცა საპარლამენტო თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. 

ირაკლი ბერაიას თქმით, ძალიან მტკივნეულია, როცა მმართველ გუნდს ეროვნული ინტერესების ხელყოფაში ადანაშაულებენ.

„ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მტკივნეული, მძიმეა, როცა მმართველ გუნდს, პირადად მე და ჩემს კოლეგებს უაპელაციოდ, უსამართლოდ და უღირსად სდებენ ბრალს რუსეთის ინტერესების გატარებაში. მით უმეტეს, როდესაც ამას სისტემატური ხასიათი აქვს. ჩვენთვის ეს არის წითელი ხაზი, რომელსაც, ბუნებრივია, არასოდეს შევეგუებით. ძალიან კარგად ვიცით, რას ვაკეთებთ თითოეული ჩვენგანი ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების გაღრმავებისთვის, დეოკუპაციისთვის და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისთვის. როდესაც სამარცხვინოდ და უაპელაციოდ ხდება ჩვენი დადანაშაულება ეროვნული ინტერესების ხელყოფაში, კრემლთან კავშირში და კრემლის ინტერესების გატარებაში, რა თქმა უნდა, ამაზე ყოველთვის გვაქვს მწვავე რეაქცია და ეს გამოსვლაც სწორედ მსგავსი ტიპის განცხადებაზე გამოხმაურებას ემსახურებოდა. მეორე ნაწილს რაც შეეხება, რა თქმა უნდა ვაღიარებ, რომ ეს იყო ემოციურად გადაჭარბებული, იმ განცხადების სიმძიმიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ მუდმივად ვისმენთ. ამის გამო, გულწრფელად მინდა, ბოდიში მოვიხადო. ამასთან დაკავშირებით სხვა კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. ყველაფერი გასაგებია“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ირაკლი ბერაია: თეონა აქუბარდია ნატოს საპარლმენტო ასამბლეაზე არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა, გაქცეული იყო შოპინგზე - მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით "პახმელიაზე" ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა