საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 41-ე სხდომაში, რომელიც 2023 წლის 12 დეკემბერს, ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
სხდომაში, რომელსაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება თავმჯდომარეობდა, ასევე მონაწილეობდნენ მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრი, ნიკუ პოპესკუ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი და სუამ-ის გენერალური მდივანი, ალთაი ეფენდიევი.
ილია დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეცვლილი გეოპოლიტიკური გარემოს პირობებში სუამ-ს, როგორც ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას მნიშვნელოვანი პოტენციალით ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში, განსაკუთრებული როლი ენიჭება რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით.
მხარეებმა შეაჯამეს უკრაინის თავმჯდომარეობის ფარგლებში სუამ-ის დღის წესრიგით გათვალისწინებული - პოლიტიკური, საპარლამენტთაშორისო და სექტორული მიმართულებით
განხორციელებული ღონისძიებები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტისა და დაკავშირებადობის მიმართულებით ევროკავშირთან გამართულ კონსულტაციებზე და შემდგომი კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის ფარგლებში, აზერბაიჯანული მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა 2024 წელს პრიორიტეტებისა და თანამშრომლობის მთავარი მიმართულებების შესახებ ინფორმაცია.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ხელი მოაწერეს გადაწყვეტილებას 2024 წელს აზერბაიჯანისთვის თავმჯდომარეობის გადაცემის თაობაზე.