სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სავიზო შეზღუდვების გარეშე იმოგზაურებენ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა პასუხისმგებელ პირს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო.
„ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი არის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სხვადასხვა ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილება. ეს იყო, არის და იქნება ჩვენი პრიორიტეტი. ძალიან სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები იმოგზაურებენ სავიზო შეზღუდვების გარეშე ხსენებულ რეგიონში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს ჩვენს მოქალაქეებს, რომ თავისუფლად გადაადგილდნენ. მეორე მხრივ, ჰონგ კონგი არის ძალიან ძლიერი ფინანსური ცენტრი და ეს დაეხმარება ჩვენს ბიზნეს წარმომადგენლებს, ბიზნეს სექტორს, ყოველგვარი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე იმოგზაურონ ჰონგ კონგში. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ პასუხისმგებელ პირს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ უვიზო მიმოსვლა არის ნომერ პირველი პრიორიტეტი ჩვენი მთავრობისთვის, რათა ჩვენს მოქალაქეებს გავუადვილოთ გადაადგილება და ასევე, ხელი შევუწყოთ, რომ თავისუფლად შეძლონ სასურველი მიმართულებით მოგზაურობა. ჩვენ ამას გავაგრძელებთ. გვაქვს დიდი ნუსხა, ქვეყნების, სადაც ჩვენი მოქალაქეები შეზღუდვების გარეშე მოგზაურობენ და მომავალში გაგრძელდება ჩვენი ძალისხმევა, რათა რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში გადაადგილდნენ საქართველოს მოქალაქეები შეზღუდვების გარეშე“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.