საგარეო საქმეთა სამინისტრო არანაირი კონსულტაციების გამართვას არ აპირებს ელჩთან. მან უკვე დატოვა უკრაინის ტერიტორია და მოემგზავრება საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„საქართველოს საელჩო კიევში განაგრძობს მუშაობას. დიპლომატები ადგილზე არიან და ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. გიორგი ზაქარაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ყველაზე მძიმე წუთებში, რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელ ელჩთან ერთად, კიევი ერთი დღე არ დაუტოვებია და მის მიმართ, თუნდაც ადამიანურად, ეს გადაწყვეტილება უსამართლოა. სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საერთოდ კითხვები არ არსებობს. სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობიანად ეპყრობა ყველა პატიმარს, მათ შორის სააკაშვილს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

საქართველოს ელჩმა უკრაინა უკვე დატოვა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს.