დღევანდელი კონფერენცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობას და სოლიდარობას უკრაინის და უკრაინელი ხალხის მისამართით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბერლინში, ქართველ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ილია დარჩიაშვილის თქმით, სიმბოლურია, რომ სწორედ გერმანიაში, კანცლერ შოლცის ხელმძღვანელობით იმართება ფორუმი, რომელსაც ესწრება უკრაინის პრეზიდენტი.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფება ბერლინში და სხვა კოლეგებთან ერთად, ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობს. ეს არის პრემიერ-მინისტრისა და ჩვენი ქვეყნის მხრიდან კიდევ ერთხელ დემონსტრირება, რომ უკრაინა და უკრაინელი ხალხი, მათი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, საქართველოს დელეგაციის აქ ყოფნა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით არის მორიგი დემონსტრირება, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს.
ეს ღონისძიება ძალიან მასშტაბური იყო.
კანცლერი შოლცისა და უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელსაც დაახლოებით 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ესწრებოდა, მათ შორის იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც მრგვალი მაგიდის ფორმატში ისაუბრა იმ დახმარებასა და მხარდაჭერაზე, რომელიც საქართველომ ომის დაწყების დღიდან აღმოუჩინა უკრაინას, უკრაინელ ხალხს. კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, გამოგვეხატა სოლიდარობა უკრაინის მისამართით და გვესაუბრა იმ მხარდაჭერაზე, რომელიც ჩვენ უკვე გავწიეთ და რომლის გაწევასაც ვაგრძელებთ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.