"რომ ჰკითხოთ [ოპოზიციას], ყველაფერს აკეთებენ პოლარიზაციის დასაძლევად ჩვენი ოპონენტები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორები ხშირად ესაუბრებიან მათ დეპოლარიზაციის აუცილებლობაზე, ისევე როგორც ჩვენ.ეს არის დეპოლარიზაციის მცდელობა, ჩვენ აქ ვართ და გესაუბრებით. თქვენ არ ხართ საერთოდ. არც გინდათ მოსმენა და არც მომავალში აპირებთ მოსმენას," - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში "მინისტრის საათის" ფარგლებში გამართული გამოსვლის შეჯამებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს დაუძველდათ "პრორუსული რიტორიკის" ძახილი და არ სურთ იმ მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგების აღიარება, რომელსაც საქართველომ ევროპული ინტეგრაციის პროცესში მიაღწია.
"მინდა დაგარწმუნოთ, საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი, მიიღებთ თქვენ მონაწილეობას ამაში თუ არა. ამას ჩვენი ხელისუფლება გააკეთებს, როგორც აქამდე გააკეთა ყველაფერი ამ მიმართულებით," - განაცხადა დარჩიაშვილმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის კრიტიკასაც გამოეხმაურა:
"მეგონა, რომ ქალბატონი სალომე საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით აზრს გამოხატავდა, მივულოცავ მას, ქალბატონი წითლიძის ლიგაში გადასულა საგარეო პოლიტიკის შეფასების ნაწილში."
დარჩიაშვილის განმარტებით, ოპონენტების მხრიდან არ ყოფილა კონსტრუქციული და არგუმენტირებული კრიტიკა და მათ განცხადებებს პრიმიტიული უწოდა.
გამოსვლის შეჯამებისას, ილია დარჩიაშვილმა თინა ბოკუჩავასაც უპასუხა: "ქალბატონი თინა ბოკუჩავა ჩვენ გველაპარაკება ენერგოდამოუკიდებლობის მიმართულებით არასწორ პოლიტიკაზე. ქალბატონო თინა, გადახედეთ თქვენი ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას. ეს ქვეყანა მთლიანად იყო დამოკიდებული სხვაზე, ენერგომატარებლების თუ ენერგორესურსების დივერსიფიკაციის მიმართულებით.
დღეს შეხედეთ ამ ქვეყნის ენერგო დივერსიფიკაციას."
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოუწოდა ოპოზიციონერ დეპუტატებს შეწყვიტონ ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა ქართველ დიპლომატებს კი გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
„ხალხი ბრძენია და ეს ხშირად უნდა გავიმეოროთ. ხალხი ხედავს ვინ რას აკეთებს. ხალხი ხედავს როგორია ჩვენი დამოკიდებულება, როგორი გულით და ენთუზიაზმით ვქმნით ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, ჩვენი შვილების მომავალს და ამას მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ. ხალხი ხედავს ჩვენს ოპონენტებსაც, თუ როგორ მავნებლურად აზიანებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. დღეს ხშირად თქვეს, „ანტიდასავლური რიტორიკა“, ანტისახელმწიფოებრივ რიტორიკას მოეშვით მეგობრებო, ეს აზიანებს ამ ქვეყანას და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც შეიძლება ამ ქვეყანას ჰქონდეს. სულ მინიმუმ, დაანებეთ თავი ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე საუბარს, ჩვენ თვითონ მოვახერხებთ და შევძლებთ იმას, რომ ეს ქვეყანა დავუახლოოთ ევროკავშირს.
კიდევ ერთი, სხვა დიპლომატებზე ზრუნავენ და ყოველდღიურად თავიანთი განცხადებებით, დამოკიდებულებით, საკუთარ ქართველ დიპლომატებს აყენებს შეურაცხყოფას. როგორ შეიძლება ხელისუფლებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს ეძახო ის, რასაც ისინი კადრულობენ, აყენებენ ყოველდღიურად შეურაცხყოფას. მე მინდა თითოეულ დიპლომატს მადლობა გადავუხადო ღირსეული და ღირებული საქმისთვის, რომელსაც ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის აკეთებთ. ოპონენტების გასაგონად მინდა ვთქვა, საქართველო აუცილებლად გახდება იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახი ჰქვია. მინდა, რომ მადლობა გადაგიხადოთ ყველას მოთმენისთვის და მათ მაგივრად მოგიხადოთ ბოდიში იმიტომ, რომ ამის მოთმენა ცოტა რთულია, თუმცა ჩვენ პასუხისმგებლობიანი ხალხი ვართ პარტნიორებსაც ვეტყვით, რომ მზად ვართ დეპოლარიზაციაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.