გაერთიანებულ სამეფოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანთან, დევიდ ლამთან.
ილია დარჩიაშვილმა ბრიტანელ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას, მათ შორის, „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ფარგლებში.
ილია დარჩიაშვილმა ბრიტანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.
შეხვედრისას საუბარი შეეხო როგორც მსოფლიოში, ისე რეგიონში მიმდინარე პროცესებს. არსებული გამოწვევების ფონზე, ხაზგასმით აღინიშნა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობა.
მინისტრები შეთანხმდნენ აქტიურად იმუშაონ საერთო პრიორიტეტული მიმართულებებით თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით.