ზედმეტ ყურადღებას ვაქცევთ ფარულ ჩანაწერებს, რომლის არც კონტექსტი ვიცით და არც ავთენტურობა, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა და განმარტა, რომ ფარული ჩანაწერები ყურადღების გადატანას ემსახურება.

„მთელი პოლიტიკური სპექტრი და მედია ასეთ ჩანაწერებს დააფრიალებს და სხვა ნებისმიერი მნიშვნელოვანი თემა იფარება. ასეთი ჩანაწერები სწორედ ამ ინტერესს ემსახურება. შეუძლებელია, გიული ალასანიას განცხადებაში „პარაზიტებში“ ჩემი თავი მოვიაზრო, რადგან საუბარია მასზე, ვინც მიხეილ სააკაშვილით სარგებლობს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ: ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურბაც დადასტურებული არ არის, გიული ალასანია ოპოზიციის წარმომადგენლებს „პარაზიტებს“ უწოდებს. ჩანაწერში გიული ალასანია ასევე საუბრობს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორზე. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.