„ნიურნბერგის პროცესის“ მომხრე არ ვარ. ვფიქრობ, ვინმეს გასამართლებაზე, „ნაცების“ მეტად დასჯაზე საუბარი წინასაარჩევნო ტექნოლოგიაა, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
იაგო ხვიჩია გამოეხმაურა მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ „კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს, მოეწყოს ქართული „ნიურნბერგის პროცესი“, რათა მათ პასუხი აგონ 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის“.
„მგონი, „ხალხის ძალას“ ცოტა დააგვიანდა. მათ გამორჩათ, რომ „ქართული ოცნება“ უკვე 11 წელია, ხელისუფლებაშია და შეიძლება, ვინმეს აზრად მოუვიდეს მათი დანაშაულების გამოძიებაც. „ნიურნბერგის პროცესის“ მომხრე არ ვარ. მგონია, რომ საუბარი ვინმეს გასამართლებაზე, „ნაცების“ მეტად დასჯაზე წინასაარჩევნო ტექნოლოგიაა, რადგან მგონი, აღარ დარჩა „ნაცმოძრაობის“ ლიდერი, რომელსაც ციხე არ ეხეხოს „ქოცების“ დროს. ახლა კიდევ „ნიურნბერგის“ პროცესზე საუბარი საზოგადოებისთვის არაფრის მომცემია. „ხალხის ძალა“ შეიძლება, ფიქრობდეს, რომ ეს მათ ორიოდე ხმას მოუტანს, მაგრამ არ მგონია, ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, რადგან ქართველი ხალხი ხმას არავის მისცემს იმისთვის, რომ 11 წლის შემდეგ ვინმეს გასამართლების ინიციატივა დააყენოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.