ძალაუფლების შენარჩუნების კი არა, ძალაუფლების დაკარგვის რიტორიკა აქვს „ქართულ ოცნებას“, უბრალოდ, ოპოზიცია მზად არ არის ამის ასაღებად, ქუჩაში გდია ძალაუფლება - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ჩემი აზრით, ძალაუფლების შენარჩუნების კი არა, ძალაუფლების დაკარგვის რიტორიკა აქვს „ქართულ ოცნებას“. ისინი რითაც შეუძლიათ ოპოზიციას ეხმარებიან, რომ დაკარგონ ძალაუფლება, უბრალოდ, ოპოზიცია მზად არ არის ამის ასაღებად, ქუჩაში გდია ძალაუფლება. მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ პრორუსული კურსი აიღო პროდასავლურ ქვეყანაში, ყველასთვის გასაგებია, რომ „ქართული ოცნება“ არის წარმავალი ძალა. ანუ „ოცნება“ აღარ არსებობს, ქართველი ხალხი მას თვითონ მიხედავს და თვითონ მიხედავს „ოცნებაც“ საკუთარ თავს. მთავარი პრობლემა, რაც ქოცებს ძალაუფლებას უნარჩუნებს, არ არის მათი რიტორიკა, მათი რიტორიკა აკარგვინებს ძალაუფლებას, ხოლო ამ რიტორიკის მიუხედავად, რომ ხელისუფლებაში რჩებიან, ჩემი აზრით, ეს არის ოპოზიციის გაურკვევლობის პრობლემა და იმის პრობლემა, რომ ოპოზიციას ერთმანეთთან საუბარი არ შეუძლია. ოპოზიცია ფაქტობრივად არაფერს არ სთავაზობს ქართველ ხალხს და არ ეუბნება მას როგორი ქვეყანა უნდა“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.