ირაკლი ბერაია არის თანამდებობისთვის შეუფერებელი არაკაცი და რომ ვნახავ, ყოველთვის ამას ვიტყვი, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს რეაგირება სთხოვა, რომ კომიტეტის თავმჯდომარეები უფლებამოსილებას ამეტებენ და დეპუტატებს სხდომათა დარბაზიდან დაუმსახურებლად აძევებენ.
„ჩემი აზრით, გუშინ ძალიან უმსგავსო ფაქტი მოხდა თავდაცვის კომიტეტზე. ბატონმა ბერაიამ დამატოვებინა დარბაზი. მე არ მიმაჩნია ეს სწორ პრაქტიკად, მე არაფერი დამიშავებია გუშინ იმისთვის, რომ ვინმეს საიდანმე გავეძევებინე და გთხოვდით თქვენ, როგორც საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელს, რომ ასეთ შემთხვევებზე, როდესაც საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეები აჭარბებენ თავიანთ უფლებამოსილებას და თავი კაცები ჰგონიათ, მაშინ როდესაც რაღაც პატარა უფლებამოსილებას მიიღებენ... ემოციები ისედაც აწეულია, მე არ მინდა ემოციების აწევა, მაგრამ ეს ადამიანი არის თანამდებობისთვის შეუფერებელი არაკაცი და რომ ვნახავ ყოველთვის ამას ვიტყვი“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.