ქართველი ხალხის ნება სალომე ზურაბიშვილის შეგროვებული ხელმოწერებით არ მოწმდება, ეს ყველაფერი მაიმუნობა, უაზრობა გვგონია, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას კითხვა დაუსვეს, არის თუ არა მიწვეული ათონელის რეზიდენციაში შეხვედრაზე, სადაც 13 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს და ელჩებს „ჩვენი ხმა ევროპას“ კამპანიის ფარგლებში შეგროვილ ხელმოწერებს გადასცემს.

„ჩვენ და პრეზიდენტს კარგი ურთიერთობა არ გვაქვს მას შემდეგ, რაც ჯარის კანონს ვეტო არ დაადო და დავრწმუნდით, რომ „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობს. შესაბამისად, მისი წერილები და ეს ყველაფერი მაიმუნობა, უაზრობა გვგონია. მისი გაშუქებაც და მასზე სერიოზული ყურადღების მინიჭებაც დროის კარგვაა. ქართველი ხალხის ნება პრეზიდენტის შეგროვებული ხელმოწერებით არ მოწმდება, ქართველი ხალხის ნება ამ ქვეყანაში სხვანაირადაა შემოწმებული. პრეზიდენტი თუ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ნაწილია და უაზრობებით არის დაკავებული, ამ უაზრობებში მონაწილეობის მიღება არ მევალება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.