არ მგონია, რომ გახარია-ხაზარაძის პოლიტიკურ ქორწინებაზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ, ჯერ ისევ პოლიტიკური ფლირტაობის პერიოდია და არ არის გამორიცხული, ეს ყველაფერი წარმატებით დასრულდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ ახლა ორივე სინანულში არიან.
"როცა მხარეებს ერთმანეთი უნდათ, მაგრამ შუაში ვიღაც ამრევები არიან, ყველაფერი დაძლევადია. ვფიქრობ, „ლელოს“ და გიორგი გახარიას რაღაც პატარამ შეუშალათ ხელი. დაშლის შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს გამოსასწორებელია და ახლა ორივე ცოტცოტა სინანულშია, რაც იმის საფუძველს გვაძლევს, რომ დარჩენილ დროში ეს პოლიტიკური ნიშნობა წარმატებით დასრულდება.
მთელი ეს სიუჟეტი მძლავრი მელოდრამის სცენარით განვითარდა, თავიდან გიორგი გახარია აქტიურობდა და „ლელოსთან“ უნდოდა. „ლელოს“ როგორც სჩვევია, თავი შორს დაიჭირა – „უი, როგორ გეკადრებათო“, დაახლოებით ასეთი კომენტარი ჰქონდათ. შემდეგ საქმეში პრეზიდენტი ჩაება და ნელ-ნელა „ლელოც“ მოლბა, მაგრამ როგორც ასეთ დროს სჩვევიათ ხოლმე, ერთი დღით დაჰკრა ფეხი და პრეზიდენტის სასახლიდან გაქუსლა. ამ პერიოდში გახარიას გადაუნდა და „ლელოს“ მოუნდა. ახლა ამ პროცესში ვართ. მგონია, რომ „ლელოს“ ფული ისეთია, რომ თავიდან მოანდომებს გიორგი გახარიას და ყველაფერი კარგად დასრულდება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.