ზოგადად, მგონია, რომ ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც ვითომ „ენჯეოების“ და ოპოზიციის მოთხოვნით „ქოცები“ იღებენ და შეზღუდვას ეხება, რომ თითქოს კორუფციას ვებრძვით, ან რაღაც მსგავს ვებრძვით, გამოდის, რომ საბოლოო ჯამში, სინამდვილეში ოპოზიციას ებრძვიან, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ ანტიკორუფციული ბიურო თბილისის საკრებულოსა და პარლამენტის 30 ოპოზიციონერი დეპუტატის, მათ შორის იაგო ხვიჩიას ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას იწყებს.
„სამწუხაროდ, ამ პერიოდის განმავლობაში არაფერი მიშოვია. ზოგადად, მგონია, რომ ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც ვითომ „ენჯეოების“ და ოპოზიციის მოთხოვნით „ქოცები“ ღებულობენ და შეზღუდვას ეხება, რომ თითქოს კორუფციას ვებრძვით, ან რაღაც მსგავს ვებრძვით, გამოდის, რომ საბოლოო ჯამში, სინამდვილეში ოპოზიციას ებრძვიან. მგონი, ჩემს შემთხვევაში, ამას სულელური შინაარსი გააჩნია გასული წლიდან მოყოლებული, უბრალოდ სისხლი გამიშრეს. ერთხელ დამაჯარიმეს, იმის გამო რომ დეკლარაცია არასწორად გაქვს შევსებულიო, რაღაცას მალავო. მე ვუთხარი, თავი დამანებეთ, ფიზიკურად არაფერი მნიშვნელოვანი არ მიშოვია, რაც მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს და გაძლევთ წვდომას ნებისმიერი ჩემი ანგარიში ნახოთ, ოღონდ თავი დამანებეთ, არ მცალია თქვენი სულელური რაღაცების შესასრულებლად. ამის გამო 1 500 ლარით დამაჯარიმეს, თუ არ ვცდები. შენ არ გვითხარი რა ქონება გქონდაო. არადა მე იდეაში არაფერი დამიმალავს, პირიქით, ყველანაირი წვდომის საშუალება მივეცი",- განაცხადა იაგო ხვიჩიამ „ფორმულას“ ეთერში.