უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოთჩი“ საქართველოსთან დაკავშირებით მასალას აქვეყნებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლება ახლად მიღებულ შემზღუდავ ზომებს უკანონოდ დაკავებებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების ჩასახშობად იყენებს, რითაც საქართველოში პროტესტის უფლება სულ უფრო რთული და სახიფათო ხდება.

სტატიის მიხედვით, 2025 წლის 12 დეკემბერს, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები პოლიციას ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს, შეზღუდოს საპროტესტო აქციები გზებსა და ქვეითთა ზონებში, მათ შორის ტროტუარებზე და დაუმორჩილებლობისთვის მძიმე ჯარიმები დააწესოს“.

„კანონის ძალაში შესვლის შემდეგ დემონსტრანტების წინააღმდეგ ათობით საქმე აღიძრა, მათ შორის, პარლამენტთან ტროტუარზე უბრალოდ დგომისთვის, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევის მხრივ“, – ნათქვამია სტატიაში.

Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილის, გიორგი გოგიას განცხადებით, „ეს ცვლილებები პოლიციას სახიფათოდ ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს, თავად გადაწყვიტოს, როდის, სად და საერთოდ შეუძლია თუ არა ხალხს პროტესტის გამოხატვა“.

„როგორც ჩანს, კანონის თვითნებურად განხორციელება ხდება, მშვიდობიანი გამოხატვისა და კრიტიკული ხმების ჩახშობის მიზნით. აღნიშნული ზომები საზოგადოებრივ წესრიგს არ იცავს, არამედ განსხვავებულ აზრს ახშობს“, – აცხადებს „ჰუმან რაითს ვოთჩის“ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილე.