რეალობა სხვანაირია, საქართველოს თავისი ინტერები აქვს და შესაბამისად უნდა იმოქმედოს ამ ძალიან ცვალებად სამყაროში, ეს იყო ხელისუფლების დღის წესრიგი და ამ დღის წესრიგთან დამარცხდა მამუკა ხაზარაძის დღის წესრიგი, რომელიც კვირებს ითვლიდა, როდის წავა ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში, – განაცხადა ანალიტიკოსმა, გურამ ნიკოლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს იდიოტური კამპანია დამარცხდა. ახლა ამას ხომ უნდა დაარქვა რაღაც სახელი, რომ ეს რაღაც შეცდომა იყო? ახლა, მერის არჩევნებისთვის იმავეთი უნდა გამოვიდეს და ისევ უნდა დაიწყოს ამის ათვლა? ახლა კახი კალაძე წავა მილანში, თუ რა კამპანიას გააკეთებს? ის ახლა, ივნისის თვეში იწყებს იმის ცვლილებებს, არჩევნებზე უნდა წავიდეს თუ არა და რას მოახერხებს და შეძლებს, გაექცა ეგერ ის ანა დოლიძე. დაიშალა ეს, ანუ, ხალხი გაიყოფა ახლა, ვინ იღებს მონაწილეობას და ვინ არ იღებს მონაწილეობას“, – განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.
მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში მონაწილეობა არის პოლიტიკაში დარჩენა და არმონაწილეობა არის პოლიტიკიდან გაქრობა.
„გარანტიები პრაქტიკულად არ არსებობს კი არა, მე ვერ ვხედავ ამწუთას შესაძლებლობას ამ მოცემულობაში, ვინ შეიძლება, გაუწიოს კონკურენცია კახი კალაძეს და რანაირად შეიძლება, გაიმარჯვონ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სწორია, თუ პოლიტიკოსი ხარ, მონაწილეობა უნდა მიიღო, თუ არადა, მაშინ უნდა გააკეთო პუტჩი, რომლის თავი არ გაქვს და ალბათ, არც ეგ არის ასე დაბადებული, ჩე გევარად, ბატონი მამუკა“, – განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.
შეკითხვაზე, აქვს თუ არა ოპოზიციას თბილისის მერის გაყვანის შანსი, გურამ ნიკოლაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით დღემდე, ოპოზიციისგან ერთადერთი გზავნილი გვაქვს მოსმენილი და ეს არის – წავართვათ „ოცნებას“ თბილისი.
„ანუ, საარჩევნო პლატფორმაში, რითაც მიდიან, არ არის ლაპარაკი არც თვითმმართველობის საკითხებზე, არც იმაზე, ხალხს რა უნდა, რა შეიცვლება, რას გააუმჯობესებს და როგორი უნდა იყოს ქალაქი. ანუ, ამ დონეზე არ მიდის საუბარი, სამეურნეო საკითხები საერთოდ ამოღებულია და პოლიტიკურიც უკვე გადღაბნილია. მთავარი არის ის, რომ ეს არის ძალაუფლება და უბრალოდ, იმას რაღაც უნდა წავართვათ, სადღაც უნდა შევაწუხოთ. ახლა, თბილისელი რომ ამას უყურებს, ამ ქალაქის აბსოლუტური უმრავლესობა, რომლისთვისაც ქუჩაში თუ მეტროში ის პატარა ჯგუფიც რომ დადის და მეგაფონით ყვირიან ისიც შემაწუხებელია, როგორ ფიქრობთ, ვინმეს უნდა ამ ქალაქის ბრძოლის ველად გადაქცევა? ანუ, იძახიან, უნდა ავიღოთ ეს რაღაც ობიექტი იმისათვის, რომ შემდეგ აქედან გავხსნათ ცეცხლი და უნდა დავიწყოთ რაღაც შიდა დაპირისპირება, მხოლოდ ეს არის მიზანი და ეს პოლიტიკა უკვე დამარცხდა 26 ოქტომბერს არჩევნებში“, – განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.
შეკითხვაზე, რაშია გამოსავალი ასეთ შემთხვევაში, გურამ ნიკოლაშვილმა განაცხადა, რომ ეს შეიძლება, საერთოდ არ იყოს გასამარჯვებლად საკმარისი, თუმცა მათ უნდა შეიმუშაონ მოქმედების ოპტიმალური სცენარი, ხოლო თვითონ არ იტყვის, რა შეიძლება, იყოს ოპტიმალური სცენარი.
„მაგას არ ვეტყვი, რა შეიძლება, იყოს ოპტიმალური სცენარი. იმიტომ, რომ ეგ თვითონ მოიფიქრონ ამ შემთხვევაში. ჰყავთ მაგათ ტოპ ტვინები, რომლებიც ასე დასხდებიან ასეთ მაგიდასთან, მოიფიქრებენ კარგ სცენარს და ვნახოთ მერე რას იზამენ“, – განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.




