ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში, სადაც ირღვევა კანონმდებლობა და სხვათა უფლებები პროტესტის დროს, რეაგირება სამართალდამცავებს აქვთ. ეს ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პროტესტის გამოხატვის ფორმა და მიზანი სხვა ადამიანების დაზიანება არ უნდა იყოს.
„დემოკრატიის პრინციპი რა არის? – როცა უმრავლესობა წყვეტს, როგორი უნდა იყოს მმართველობა და პოლიტიკური ხელისუფლება ვინ უნდა იყოს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, შეუძლიათ, პროტესტი ჰქონდეთ, აქციები ჩაატარონ, მაგრამ პროტესტის გამოხატვის ფორმა და მიზანი სხვა ადამიანების დაზიანება არ უნდა იყოს. მათი მიზანი უნდა იყოს, საზოგადოებამ გაიგოს, რას აპროტესტებენ. სამწუხაროდ, ვნახეთ, რომ „დიფ სთეითმა“ და მათმა აქაურმა აგენტებმა პროტესტის მიზანი შეცვალეს და საჯაროდ თქვეს, რომ პროტესტის მიზანია, საზოგადოება შეაწუხონ, რათა გაბრაზდეს და ქუჩაში გამოვიდეს. ეს არის რევოლუციის და დამხობის მიზანი. თუ ამის მომხრეა ვინმე, მას ამის საშუალება არ მიეცემა. კანონმდებლობის ფარგლებში გამობრძანდნენ და 24 საათი აპროტესტონ, რაც უნდათ, მაგრამ აუცილებელია, რუსთაველის გამზირი გადაკეტონ?“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.








