„ვფიქრობ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობა არანაკლებია თუ არა უფრო მეტი, ვიდრე 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები. ახლა არჩევანი არის ომსა და მშვიდობას შორის, ოჯახურ ღირებულებებსა და ლგბტ პროპაგანდას შორის, სუვერენიტეტსა და მონობას შორის“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს უწევს უცხოური ძალების მიერ თავსმოხვეულ ანტიქართულ და ანტიეკლესიურ იდეოლოგიასთან გამკლავება. „საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველას გვახსოვს 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები. მაშინაც ისტორიული არჩევანის წინაშე იდგა ქართველი ხალხი, მაშინაც გადასაწყვეტი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის და შესაბამისად, ერის თვითმყოფადობის საკითხი. მიუხედავად სამოცდაათწლიანი საბჭოთა იდეოლოგიისა ქართულმა გენმა იმარჯვა და ხალხმა ის ეროვნული ძალები მოიყვანა ხელისუფლებაში რომელმაც 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
მართალია 33 წელია საქართველო იურიდიულად დამოუკიდებელია, თუმცა ახლა უკვე უცხოური ძალების თავსმოხვეული ანტიქართული და ანტიეკლესიური იდეოლოგიის წყალობით სამტკიცებელი გახდა ისეთი ბანალური ჭეშმარიტებები როგორიცაა - ოჯახური ღირებულება, ქალის ქალად ყოფნა და კაცის კაცად ყოფნა, ეკლესიის როგორც საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი როლის შემსრულებლის პატივისცემა. ფაქტიურად ჩვენ ახლა გვიწევს პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა. გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ახლა დაუფარავად მიდის ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში ყველაზე მეტად დეზინფორმაციის კამპანიას იყენებენ. „მაგალითად, გამჭვირვალობაზე გვეუბნებიან ჩემთან კარგია, მაგრამ შენთან ცუდია. ასევ, მათი აზრით, ქალის და კაცის ქორწინება რუსულია და ერთსქესიანთა ქორწინება ევროპული, გამჭვირვალობა რუსულია და შავი ფულის ხარჯვა ევროპული, მშვიდობის შენარჩუნება რუსულია და ომის დაწყება ევროპული. ამ დეზინფორმაციამ ვერ იმუშავა რადგან ჩვენ ხალხს სისტემატურად ვაწვდიდით სწორ ინფორმაციას. სამწუხაროდ, არაერთხელ ყოფილა საქართველოს ისტორიაში რომ დამოუკიდებლობა და გადარჩენა ქართველი ხალხის სანუკვარი ოცნება იყო და ამას ყოველთვის რწმენაში სიმტკიცით და ერთიანობის ძალით აღწევდა. დღესაც ქართველების ოცნებაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მშვიდობის და ტრადიციების შენარჩუნება. დარწმუნებული ვარ, ქართველ ხალხს წინ ვერაფერი დაუდგება და სწორედ ამ ხალხის ძალის მეშვეობით მოხდება ქართული ოცნების ასრულება“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.