ჩვენ მივიღეთ ისტორიული სტატუსი ორი წლის წინ, რამაც მოგვცა შანსი, როგორც სახელმწიფოს და ერს, არნახული წინსვლა განგვეცადა,როგორც შიდა რეფორმების კუთხით, რასაც კანდიდატობა გულისხმობს, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ორი წლის თავზე ჩვენ არათუ წინ არ წავსულვართ, არამედ ყველა ძირითადი პარამეტრით უკან ვართ წასული, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ეს გამოიხატება პოლიტიკური რეპრესიების გაინტენსიურებაში, პოლიტიკური პარტიების აკრძალვაში, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დასრულებაში და იმავე კომისიამ, რომელმაც ორი წლის წინ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი, გუშინ თქვა, რომ ეს კანდიდატის სტატუსის, სამწუხაროდ, არის მხოლოდ სახელი, მხოლოდ ფორმალობა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ინსტრუმენტს ვერცერთი მიმართულებით ვერ ვიყენებთ და არ ვიყენებთ. ანუ, სხვანაირად თუ ვიტყვით, არცერთი ის სიკეთე, რაც უნდა მოეტანა ამ ძალიან მნიშვნელოვან სტატუსს, არ მოგვიტანა ჩვენივე ე.წ. ხელისუფლების გამო. მეორე მხრივ, ჩვენ მოვისმინეთ, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შეჩერებულია. ანუ, კარგი, ცუდი, საშუალო პროცესი კი არ ხდება, საერთოდ აღარ არსებობს პროცესი სახელად საქართველოს ევროპული ინტეგრაცია“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

„ეს მითი დამთავრებულია, რადგან გუშინ, როგორც მარტა კოსმა, ასევე კაია კალასმა და ელჩმაც, ჰერჩენსკიმ ერთხმად თქვეს, საქართველოს ინტეგრაცია ამ კურსის პირობებში არც ახლა მოხდება, არც 2028 წელს მოხდება და არც შემდგომში“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

მისივე თქმით, უნდა ვნახოთ, რა ხდება ერევანში.

„არნახული ამბები ხდება ერევანში. რეალურად, ახალი სატრანზიტო გეოგრაფია იბადება, ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა, ახალი შანსები და ახალი მშვიდობა, ოღონდ ნამდვილი მშვიდობა და არა „ქოცური“ პროპაგანდის მშვიდობა. საქართველო რატომ არ არის არსად მიწვეული, ევროკავშირია აქაც? არა, არც აზიას აინტერესებ დღეს და უკვე აღარც ტრაპს. ტრამპთან დავალაგებთო და ტრამპის პირდაპირი ჩართულობით მოხდა სიტუაციის სტაბილიზება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. სად იყო აქ საქართველო? არსად. იმიტომ, რომ საქართველო დღეს, სამწუხაროდ, გადაქცეულია „ქოცურ“ ანკლავად, ჩიხად და ეს არის რუსული მიზანი, რომ ჩვენ ვიყოთ უპერსპექტივო, უამბიციო, ნაცრისფერი ჭაობი, სადაც „ქოცები“ გამდიდრდებიან“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა ასევე აღნიშნა, რომ ექვსი მილიარდის ინვესტიცია არის მითი და ეს არის უბრალოდ წარმოსახვით ნათქვამი.

„არ ვფიქრობ, რომ ეს თანხა არის რეალური. მეტიც, მეორე მაგალითს გეტყვით, 3,5 მილიარდის მოცულობის პროექტი იმავე კომპანიას აქვს სერბეთში. თუ სწორად მახსოვს, ოცწლიან ვადაზეა საუბარი და მოდით, შევხედოთ, ათი წლის თავზე რამდენი აქვს ჩადებული. მე გეტყვით: 150 მილიონი, რისი 3,5 მილიარდი?“ – განაცხადა გეგელიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ამბობს, რომ ეს არის EMAAR ჯგუფი, მაგრამ ეს EMAAR ჯგუფი არ არის და არც მისი შვილობილია, რაც მარტივად გადამოწმებადია.

„მთელი ჩვენი თავისუფლების ისტორიაში სულ 28 მილიარდია შემოტანილი ამ წესით, რაც საქართველო არსებობს ამ ბოლო დამოუკიდებლობის ფორმით. ანუ, 34 წელში ჩვენ მოვიზიდეთ 28 მილიარდი და ახლა, ამ „ქოცური“ განუკითხაობის პირობებში ვიზიდავთ 6 მილიარდს? ეს არის აბსოლუტური ზღაპარი“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.