პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანს, გრიგოლ გეგელიას, "ღამის კურიერის" ეთერში 4 ოქტომბრის აქციაზე დაუსვეს კითხვა, რომლის გაცხადებული მიზანი სახელმწიფოს დამხობა იყო.
გეგელიას განმარტებით, 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზებაში "ლელოს" და მის ლიდერებს მონაწილეობა არ მიუღიათ და არც არავის მოუწოდებდნენ მასში მონაწილეობა მიეღო. გეგელიას თქმით, მისთვის არანაირი ძალადობის შესახებ ცნობილი არ ყოფილა.
"რაც შეეხება 4 ოქტომბრის აქციას, ჩვენ ამაზე ძალიან მკაფიოდ გვქონდა ნათქვამი, რომ ჩვენ არ ვართ ორგანიზატორები, არავის არ მოვუწოდებთ დასწრებისკენ. თუ ვინმეს ჩვენი მომხრეებიდან სურს ამ აქციაზე მისვლა, კი ბატონო, მიბრძანდით. ჩემთვის არანაირი ძალადობის შესახებ ცნობილი არასდროს არ ყოფილა, არც ერთი პირისგან ოპოზიციაში.
მე არ ვყოფილვარ ორგანიზატორი, ჩემი [პოლიტიკური] ძალა არ ყოფილა ორგანიზატორი, ჩვენ არ მოვუწოდებდით არავის და ჩვენ მივიჩნევთ, ძალიან ბევრჯერ გვითქვამს არჩევნების წინაც, 4 ოქტომბრის წინაც და ამ ბოლო დღეებშიც, ჩვენ მივიჩნევთ, რომ მშვიდობიანი დემოკრატიული ცვლილება არის უალტერნატივო. თუ სწორად გამოვიყენებთ ყველა იმ ბერკეტს, რაც არის ჩვენს ხელთ, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღწევა და განხორციელება", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.