საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ, ზაფხულის განმავლობაში უცხოური ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევასა და წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა.
როგორც მიქანაძემ აღნიშნა, ბრიფინგის ძირითადი მიზანია, საზოგადოებამ იცოდეს, თუ როგორ ხდებოდა საანგარიშო პერიოდში უცხო ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევა. კერძოდ, მან დაასახელა NDI-ის მიერ ოპოზიციური პარტიების და მათი წევრების რეგინებში შეხვედრების დაფინანსება და ორგანიზება.
“საანგარიშო პერიოდში უცხო ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში უხეში ჩარევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის მიერ დაფინანსდა და დაორგანიზდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლების შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. პირველი ასეთი შეხვედრა 17 ივნისს ქუთაისში ადგილობრივ მოსახლეობასთან გაიმართა, სადაც სალომე სამადაშვილს, ხატია დეკანოიძეს, ანა წითლიძეს, თეონა აქუბარდიასა და თამარ კორძაიას მიეცათ წინასაარჩევნო აგიტაციის განხორციელების შესაძლებლობა. მსგავსი შეხვედრები მომდევნო დღეებში შედგა ზუგდიდში, ბათუმში, ოზურგეთსა და გორში. შეხვედრის ორგანიზებაში NDI-ისთან ერთად ჩართული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“.
13 ივლის, წნორში გაიმართა „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „გირჩის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერების შეხვედრა მოსახლეობასთან, რომლის თაობაზეც თავად „ლელოს“ ოფიციალური Facebook გვერდიც იუწყება. პარტია „ლელო“ მადლობას უხდის NDI-ის კახეთის რეგიონის მაცხოვრებლებთან შეხვედრის შესაძლებლობისათვის. არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მოსახლეობასთან შეხვედრისას საარჩევნო დაპირებებზე ისაუბრეს.” - განაცხადა გივი მიქანაძემ.