ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფები უნდა შეიქმნას, ეს არის სუფთა პოპულისტური განცხადებები, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.
„ამ ადამიანებმა არაფერი გააკეთეს, როდესაც წელიწად-ნახევრის განმავლობაში თორმეტ რეკომენდაციასთან დაკავშირებით შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფები, გარდა იმისა, რომ დარბოდნენ ბრიუსელსა და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებში, ჩვენს პარტნიორებს ეუბნებოდნენ პირდაპირ, ღია ტექსტით, რომ საქართველოსთვის არ მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი. ახლა აკეთებენ ხმამაღალ განცხადებებს, თითქოს სამუშაო ჯგუფები არ იქმნება, პროცესი არ მიმდინარეობს. პროცესი ერთი წამითაც არ შეჩერებულა, ჯერ კიდევ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება არ იყო მიღებული, როდესაც პარლამენტმა ბოლო სასესიო კვირაში, დეოლიგარქიზაციის გეგმიდან გამომდინარე, კონკრეტული ცვლილებები შევიტანეთ საარჩევნო კანონმდებლობასა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში. ეს არის უსაფუძვლო და სპეკულაციური განცხადებები.
რაც შეეხება უშუალოდ სამუშაო ჯგუფებს, ამის ვალდებულება და აუცილებლობა არ არის, თუმცა, ვფიქრობთ, რა ფორმატი შეიძლება არსებობდეს, რომ მაქსიმალური ინკლუზიურობა უზრუნველვყოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ რეგლამენტი ითვალისწინებს ნებისმიერ კანონპროექტის სამი მოსმენით განხილვას, ჯერ – შესაბამის თემატურ კომიტეტებზე და შემდეგ – პლენარულ სხდომაზე. კომიტეტებზე არა მხოლოდ დეპუტატებს, არამედ სამოქალაქო სექტორს, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ, დაესწრონ, წარადგინონ მოსაზრებები, დასვან კითხვები და ეს არის ფართო განხილვის პლატფორმა, რომელიც რეგლამენტით უზრუნველყოფილია. მმართველ გუნდში ვფიქრობთ, რა დამატებითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას, რათა უფრო გაფართოვდეს ეს დისკუსია. რამდენიმე კვირაა დარჩენილი საგაზაფხულო სესიამდე, ჩვენ გვექნება შიდა კონსულტაციები გუნდში და ჩამოვყალიბდებით პოზიციაზე, რომელიც ამ პროცესისთვის ყველაზე ეფექტური იქნება. შემდეგ ვნახოთ, ოპოზიციის ჩართულობა რა იქნება, თუმცა დიდი მოლოდინი არ გვაქვს, გამომდინარე ახლახან ნანახი პრაქტიკული პროცესისა, როდესაც ისინი მხოლოდ დესტრუქციაზე და პროცესის დაზიანებაზე იყვნენ ორიენტირებული. ეს განცხადებები მხოლოდ იმას ემსახურება, რომ საზოგადოებას შეუქმნან არასწორი აღქმები, რასაც ჩვენი საზოგადოება არ უსმენს, რადგან ხედავს, ვინ დგამს ნაბიჯებს ევროინტეგრაციისკენ და ვისი ხელმძღვანელობით მიიღო ქვეყანამ სტატუსი“, – განაცხადა მიქანაძემ.