რადიკალები და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო სექტორი ხედავენ, რომ სიმართლე მათ მხარეს არ არის, სწორედ ამიტომ არის დღეს სტრასბურგში მათი უპრეცედენტო მობილიზაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მათ ეშინიათ, რომ მმართველი გუნდი იტყვის სიმართლეს, რომელიც დაფუძნებულია კონკრეტულ არგუმენტებზე.
„რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მორიგ ჯერზე გაკეთდა საჯარო განცხადება, რომელიც, პირველ რიგში, ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოების ინტერესებს ეწინააღმდეგება. ჩვენი დელეგაცია, მმართველი გუნდი ყოველთვის პასუხისმგებლიანად უდგებოდა ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს და ჩვენთვის ყოველთვის ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. რაც მთავარია, ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალები და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო სექტორი ხედავენ, რომ სიმართლე მათ მხარეს არ არის. სწორედ ამიტომ, სტრასბურგში დღეს არის მათი უპრეცედენტო მობილიზაცია. ეშინიათ, რომ ჩვენ გავაჟღერებთ სიმართლეს, რომელიც დაფუძნებულია კონკრეტულ არგუმენტებზე. ევროპელ კოლეგებს მოვაწვდით სწორედ არგუმენტებით, ფაქტებით გამყარებულ ინფორმაციას, განსხვავებით იმ აბსურდული, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე არსებული ინფორმაციისა, რომელიც ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მიერ უკვე სამი თვის განმავლობაში არის მცდელობა ამ არასწორი აღქმების შექმნასთან დაკავშირებით.
რთულია, წინასწარ განვსაზღვროთ მოვლენების განვითარება, როგორ წარიმართება, თუმცა ჩვენ შეგვიძლია, საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ ქართული დელეგაცია აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რათა საქართველოს ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულში აქტიური მონაწილეობა და საქართველოს დელეგაცია ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი მნიშვნელოვანი წვლილით ამ ორგანიზაციის ფარგლებში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის საქართველოს დელეგაციასთან ურთიერთობის გაგრძელება. ეს არის მართლაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური პლატფორმა დიალოგისთვის, სხვადასხვა საკითხის განხილვისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს სამართლიანობაზე დაფუძნებული და იმ პრინციპებზე ორიენტირებული დიალოგი, განხილვები, რომელიც მხოლოდ სამართლიან გადაწყვეტილებას უნდა ემსახურებოდეს. ამიტომ, როდესაც ჩვენ კონკრეტული არგუმენტებით წარვდგებით დღეს დებატების დროს ევროპელი კოლეგების წინაშე, სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს, რომ ეს იქნას შესაბამისად მიღებული და კონკრეტული გადაწყვეტილებაც სწორედ ამ სამართლიანობის პრინციპებს ეფუძნებოდეს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.