„ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დასასრულის შესაძლებლობაზე ისაუბრა.
როგორც მიქანაძე აღნიშნავს, მმართველი გუნდი მზად არის ნებისმიერი სახის დიალოგისთვის, თუმცა ოპოზიციის მხრიდან ეს მოწოდებები უარყოფილია, „რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ ადამიანებს არც დიალოგი უნდათ, არც რაიმე კონკრეტულის განხილვა“.
მიქანაძის თქმით, თუ ოპოზიციას რაიმეს დამტკიცება უნდა და ორიენტირებული არიან კონსტრუქციულ დიალოგზე, მაშინ მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის თაობაზე და გამოიყენონ ის მაღალი პოლიტიკური ტრიბუნა, რასაც პარლამენტი იძლევა.
„ყველა სიტუაციის ბოლო არის კონკრეტულ მაგიდასთან გარკვეული მოლაპარაკებების წარმოება. მხარეებისთვის ყოველთვის არის ოპტიმალური, რომ თავიანთი პოზიციები, რომლებიც კონკრეტული არგუმენტებით იქნება განმტკიცებული წარადგინონ, თუმცა ჩვენ როდესაც ვეუბნებით, რომ მზად ვართ ნებისმიერი დიალოგისთვის, მზად ვართ იმისთვის, რომ განვიხილოთ თითოეული გადაწყვეტილება და თითოეული გადადგმული ნაბიჯი, მათი მხრიდან ვხედავთ, რომ ეს მოწოდებები არის უარყოფილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ ადამიანებს არც დიალოგი უნდათ, არც რაიმე კონკრეტულის განხილვა. მათ აქვთ სრულიად უსაფუძვლო და აბსურდული მოთხოვნები ახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, რისი არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ვნახეთ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მათ ერთი კონკრეტული მტკიცებულებაც კი ვერ წარმოადგინეს. ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ დიალოგისთვის. ვფიქრობთ, რომ ყველაზე კარგი დიალოგის ფორმატი ეს არის პარლამენტი, სადაც ოპოზიციას ჯამში აქვს 61 მანდატი და მათ აქვთ ძალიან ბევრი უფლებამოსილება მოქმედი კონსტიტუციის და განსაკუთრებით პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად. ამიტომ, თუ მათ რაიმეს დამტკიცება უნდათ, თუ ისინი ორიენტირებული არიან კონსტრუქციულ დიალოგზე, თუ მათ არ უნდათ, რომ რადიკალიზაცია მიმდინარეობდეს ქვეყანაში, მაშინ მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ შემოვიდნენ პარლამენტში და თუკი მათ აქვთ რაიმე კონკრეტული არგუმენტაცია ან პოზიცია, ზუსტად გამოიყენონ ის მაღალი პოლიტიკური ტრიბუნა, რასაც პარლამენტი იძლევა და ამით განახორციელონ მათი ამომრჩევლის მიერ მათზე მინდობილი მანდატი და იმ კონკრეტული პოზიციების გაჟღერება, რის გამოც მათმა ამომრჩეველმა ამ ოთხ პარტიას მხარი დაუჭირა. თუმცა, ვხედავთ, რომ ეს ადამიანები ორიენტირებული არიან მხოლოდ და მხოლოდ რადიკალიზაციაზე. მათთვის ნებისმიერი არჩევნების შედეგი მიუღებელია, სადაც ისინი არ არიან გამარჯვებული. რეალობა კი ერთია, რომ საზოგადოება უკვე მეცხრედ ზედიზედ ეუბნება ამ ადამიანებს, რომ არ გვინდა, რომ თქვენ იყოთ ხელისუფლებაში, ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ძალას, რომელიც ორიენტირებულია მშვიდობაზე, კეთილდღეობაზე, წინსვლაზე და მყარი ნაბიჯებით წინსწრაფვაზე იმისკენ, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი“.-განაცხადა გივი მიქანაძემ.