„ლელომ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მათთვის პროცესი არ არის საინტერესო, მათ მონაწილეობა არც 12 რეკომენდაციის შესრულებაში არ მიიღეს და, ფაქტობრივად, საბოტაჟს ეწეოდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
„ფაქტობრივად, სახე ჩამოსტიროდათ, როცა საქართველომ სტატუსი მიიღო. მათ საკუთარ პოლიტიკაზე საკადრის პასუხს ქართველი ხალხი საპარლამენტო არჩევნებზე გასცემს. მათი არჩევანია, როგორ იმოქმედებენ. რეკომენდაციების შესრულების პროცესი შესრულდება და წელს ხელშესახები პროგრესი გვექნება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას მმართველი გუნდისა და ოპოზიციის, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრაზე ოპოზციიიდან იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩის“, „მოქალაქეების“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები. ასევე იმყოფებიან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. შეხვედრას არ ესწრებიან „ლელოს“ წარმომადგენლები.