პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე საქართველოში იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. განიხილეს საპარლამენტო კავშირების გაღრმავების მიზნით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის წევრების იაპონიაში ვიზიტისა და მაღალი დონის შეხვედრების უზრუნველყოფის საკითხი.
საუბარი შეეხო ორი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლების სექტორში ინფრასტრუქტურულ და სხვა სახის მხარდაჭერაზე.
„ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე, რომელსაც იაპონია ახორციელებს საქართველოსთან მიმართებაში. კერძოდ, იაპონელი ექსპერტი ჩართულია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესში, რომელიც განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ეხმარება. ელჩს ვთხოვეთ აღნიშნული მიმართულებით ექსპერტს გაუგრძელდეს საკუთარი მანდატი. ვისაუბრეთ დმანისის მუნიციპალიტეტში ქართულენოვანი საბავშვო ბაღის აშენებისა და საქართველოს პარლამენტის სტამბისთვის იაპონური დანადგარების გადმოცემის საკითხებზე.
შეხვედრაზე განხილულ ყველა თემას, იაპონიის ელჩის მხრიდან, პირველ ეტაპზე, დადებითი გამოხმაურება მოყვა. შევთანხმდით, რომ სხვადასხვა საკითხზე გაგრძელდება კომუნიკაცია და თანამშრომლობა მათი განხორციელების თვალსაზრისით“, - განაცხადა გივი მიქანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.