ჩვენ არგუმენტირებულად ვხედავთ, რომ 11 კლასი საკმარისია, რათა მივცეთ ახალგაზრდებს სრული ზოგადი განათლება და ეს არანაირად არ ეწინააღმდეგება ბოლონიის პროცესს, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

"ევროპაში სწავლის გაგრძელებას არ აფერხებს 11-წლიანი სკოლის ატესტატი. უბრალოდ, ამ შემთხვევაში ახალგაზრდამ კიდევ ერთი წელიწადი ევროპის რომელიმე სკოლაში უნდა ისწავლოს. თუ შევადარებთ იმ რაოდენობას, რამდენი რჩება საქართველოში და აგრძელებს სწავლას და რამდენი მიდის საბაკალავრო დონეზე სასწავლებლად, არის ძალიან დიდი განსხვავება, სასწაულად დიდი განსხვავება. ვფიქრობთ, ეს მოსაზრება არის მართებული, მაგრამ, ამვადროულად, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, და ეს განხილვების პროცესმა უნდა აჩვენოს, რამდენად არგუმენტირებული იქნება შესაბამის მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრის დროს, რომ ხომ არ შევიმუშაოთ რაღაც ალტერნატივა, ვისაც უნდა, შეიძლება ჰქონდეს მე-12 კლასში სწავლის შესაძლებლობაც.

ბევრად მეტი მიდის მაგისტრატურაზე და ძალიან მცირეა რაოდენობა იმ ახალგაზრდების, რომლებიც საბაკალავრო საფეხურზე სწავლობს საზღვარგარეთის ქვეყნებში, რადგან ის უფრო ხანგრძლივი პროცესია. ამ მოცემულობაში, სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ ეს პროცესები გარკვეულწილად ხელს უწყობს მიგრაციულ პროცესებს და ბევრი მათგანი არ ბრუნდება უკან, რაც ჩვენთვის, ქვეყნისთვის დამაზიანებელია. ცოდნა, რომელსაც ისინი იღებენ, ჩვენ გვინდა იმისთვის, რომ დაბრუნდნენ და საკუთარ ქვეყანაში გამოიყენონ.

დღესაც ბაზარზე არაერთი პროფესიის მოთხოვნაა, საკმაოდ მაღალანაზღაურებადიც და ზუსტად ეს არის გამოწვევა, რომ ჩვენ გვინდა, ხარისხიანი განათლება უზრუნველვყოთ აქ ისე, რომ ბევრ ახალგაზრდას არ ჰქონდეს სურვილი, უცხოეთში წავიდეს, არამედ საქართველოში მიიღოს ის განათლება, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს, აქვე დასაქმდეს და მიიღოს მაღალი ანაზღაურება. ამით მიგრაციული პროცესებიც გავაჩეროთ და პლუს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, რომ საკუთარ ქვეყანას მოახმარონ ის პოტენციალი და ცოდნა, რომელსაც მიიღებენ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.