ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 37 მხილებული ორგანიზაცია პირდაპირ კავშირშია 12 პოლიტიკურ სუბიექტთან,  -  აღნიშნულის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მიქანაძემ 2024 წლის საპარლამენტო  არჩევნებზე რეგისტრირებული  სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა და იმ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ისაუბრა, რომლებიც პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირსა და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო საქმიანობაში არიან მხილებული.

როგორც მან აღნიშნა, 2015-24 წლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების 27-მა წარმომადგენელმა, ოპოზიციურ პარტიებს ჯამში 800 000 ლარამდე თანხა შესწირეს. მისი განცხადებით, საინტერესოა, დაინტერესდებიან თუ არა ამ ორგანიზაციების დამფინანსებელი დონორები მხილებული შემომწირველების გადარიცხული თანხები რამდენად სწორად არის გადარიცხული მათი გრანტებიდან.

„მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, რომ 2015-2024 წლებში არასამთავრობო ორგანიზაციების 27-მა წარმომადგენელმა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ჯამში 800 ათას ლარამდე თანხა შესწირეს. საინტერესოა, დაინტერესდებიან თუ არა ამ ორგანიზაციების დამფინანსებელი დონორები, კვლევის შედეგად მხილებული შემომწირველების მიერ გადარიცხული თანხები რამდენად არის მათ მიერ გაცემული გრანტებიდან?!

აშკარაა, რომ კვლევის შედეგად იდენტიფიცირებული ორგანიზაციების მიერ არჩევნებზე წარმოებული მონიტორინგი იქნება მიკერძოებული და არაფერი საერთო ექნება ობიექტურობასთან. ამიტომაც, ინფორმაციას ამ ორგანიზაციების შესახებ მუდმივად ვუზიარებთ ჩვენს საზოგადოებას და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. აქვე, მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ასახოს თავის ანგარიშებში და არ გაითვალისწინოს მათგან მიღებული სუბიექტური ინფორმაცია.

შემაჯამებელი, მოცულობითი ანგარიში ყველა იდენტიფიცირებულ ორგანიზაციაზე ქართულ და ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ „ქართული ოცნების“ Facebook გვერდზე, რომელიც დღესვე დაეგზავნება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.“ -  განაცხადა გივი მიქანაძემ.