საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის ბრიფინგი „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გამართა. მან საზოგადოებას ბოლო დღეების განმავლობაში უცხოური ძალის მხრიდან საქართველოში წინასაარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობის, რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან დესტრუქციული ქმედებებისა და სხვა წინასაარჩევნო დარღვევებზე დეტალური ინფორმაცია წარუდგინა.
„დღევანდელი ბრიფინგით გვსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ბოლო დღეების განმავლობაში უცხოური ძალის მხრიდან საქართველოში წინასაარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობის, რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან დესტრუქციული ქმედებებისა და სხვა წინასაარჩევნო დარღვევების შესახებ.
დავიწყოთ არჩევნებში უცხოური ჩარევის საკითხით.
ბოლო თვეებში გახშირდა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირების მუქარის განცხადებები და ვიხილეთ უცხოელი პოლიტიკოსის საქართველოში ვიზიტი მმართველი გუნდის საწინააღმდეგო აგიტაციის განხორციელების მიზნით. ფაქტია, რომ არჩევნების დღის მოახლოებამ უფრო გააქტიურა ასეთი ძალების მხრიდან წინასაარჩევნო პროცესში ჩარევისა და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მცდელობები.
16 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა, ყოველგვარი მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე, დაასანქცირა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე. ამასთანავე, სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, მთავრობისა და მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირებისთვის, პარლამენტის წევრებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ. წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მცდელობას.
16 სექტემბერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოში ჩამოვიდა და შეხვედრა გამართა ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე შეხვდა სალომე ზურაბიშვილს. ყოველი შეხვედრის შემდეგ, მისი მხრიდან მმართველის გუნდის საწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელი განცხადებები გაკეთდა.
ამ პერიოდში დაფიქსირდა ძალადობისა და მუქარის შემდეგი ფაქტი.
16 სექტემბერს მედია სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩხოროწყუში კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა, ვახტანგ ლემონჯავამ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ავტომანქანა ქვებით დაუმტვრია, რასთან დაკავშირებითაც დაწყებულია გამოძიება", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მისივე თქმით, მიზანმიმართულად ხდება მედია საშუალებების მიერ ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ახლოსაც არ არის სინამდვილესთან, მაგრამ შეუძლია გამოიწვიოს საზოგადოებაში უკმაყოფილება.
"ამის დასტურია 17 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირის დონეზე ფაქტობრივად მიღწეული იყო შეთანხმება არჩევნების შემდეგ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე. აღნიშნული ფაქტი არ დადასტურდა, უფრო მეტიც, აღნიშნული დეზინფორმაცია რადიო „თავისუფალი ევროპის“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმაც უარყო."- განაცხადა გივი მიქანაძემ.