უკრაინის ომბუდსმენმა მიმართა ჩვენს პენიტენციურ სისტემას, რომ პირადად მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ უკრაინის ომბუდსმენსა და რადას წევრებთან ვიდეოჩართვის შემდეგ განაცხადა.

გიული ალასანიას განცხადებით, ონლაინშეხვედრა უკრაინის ომბუდსმენის ინიციატივით შედგა.

„შეხვედრის თემა იყო მიხეილ სააკაშვილი. ის უკრაინის მოქალაქეა და გაკვირვებული ვარ, რომ ადამიანები, რომელთაც ომი აქვთ ქვეყანაში და იბრძვიან, კიდევ პოულობენ დროს და არცერთი წუთი არ შეუწყვიტავთ ჩემს შვილზე ზრუნვა. წარმოადგინეს ის თარიღები და ფაქტები, რა როგორ მოხდა. მისი დაპატიმრება, შიმშილობა, როგორ იცვლებოდა შენობები, სადაც ის იყო მოთავსებული, ყველაფერი აქვთ აღნიშნული ისე დეტალურად, რომ ჩვენ სალაპარაკო არ დაგვიტოვეს. იგრძნობოდა ძალიან დიდი თანაგრძნობა.

შეხვედრაზე საუბრობდნენ ადამიანები, რომლებსაც სააკაშვილთან პირდაპირი შეხება ჰქონდათ. ერთ-ერთი იყო მისი ლექტორი, როდესაც ის განათლებას იღებდა შევჩენკოს უნივერსიტეტში. როგორც დაახასიათა, არასდროს იყო მარტივი მასთან ურთიერთობა, მაგრამ ყოველთვის საინტერესო იყოო.

ასევე საუბარი იყო, რომ გაგზავნილია სტრასბურგში საბუთები. სწორედ იმ ლექტორმა თქვა, იქნებ დამატებითი არხი გავაჩინოთ, გავმიჯნოთ იურიდიული საკითხები და უნივერსიტეტების კოლეგებთან დავამყაროთ ურთიერთობა, მათთან ერთად ინიციატივა გამოვიჩინოთ, რომ მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნებით შემოვიფარგლოთ და არ შევეხოთ იურიდიულ მხარესო. ამასთან, ომბუდსმენმა მიმართა ჩვენს პენიტენციურ სისტემას, რომ პირადად მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ონლაინშეხვედრას ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ნაყოფია და ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე.