რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება კვლავ შეფასების საკითხია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ ახლა სახელმწიფოს დაკვირვებული და პრაგმატული ნაბიჯები მართებს.
„ასე იწყება და ჩვენ უნდა ჩავყვეთ, ჩვენ უნდა ვიყოთ გაცილებით უფრო დაკვირვებულები, გაცილებით უფრო პრაგმატულები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია მშვიდობიანი მოგვარება, შესაძლებელია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს არის რეალობა და, რასაკვირველია, ლავროვი გააკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც რუსეთის ინტერესებშია. ჩვენ ჩვენი ინტერესებით უნდა გავაკეთოთ, ვიმუშაოთ ისევ, მაგრამ ხელაღებით ვერ ვიტყვით, რომ ეს განცხადება პრაგმატულ, ცივსისხლიან მსოფლიოში არის მიუღებელი“, - აცხადებს ვოლსკი.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს,რომ „მოსკოვი მზად არის, საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს, თუ თავად ისინი იქნებიან დაინტერესებულნი, მათ შორის ეს ეხება თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფას“. ლავროვის თქმით, რა სახით და ფორმით შეიძლება მოხდეს შერიგება, ეს მხარეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ.