რუსეთისკენ გზა კი არა, ქვეყნის შიგნით გზა არ არის, - ეს განცხადება სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა.
„39.8 ტრილიონი არის ევროპის და აზიის ჯამური ეკონომიკა, მათ შორის ყოველწლიური ვაჭრობა არის 2 ტრილიონი დოლარი.
უკრაინაში რუსული საომარი მოქმედების შემდეგ მოხდა რუსეთის სანქცირება, შესაბამისად, წარმოიქმნა საჭიროება ამ ქვეყნებს შორის ახალი კავშირების. ამიტომაა რომ ყველა ჩამოდის საქართველოში და ამბობს, რომ გამიხსენი გზა საქართველოს გავლით, კარგი ინფრასტრუქტურა შემიქმენი, რომ დავაკავშირო აზია ევროპას და პირიქით. ფაქტობრივად, ჩვენ არა უბრალოდ სასაუბროდ, მოგვეცა რეალური ხელშესახები შანსი, რომ საქართველო გახდეს უდიდესი ფუნქციის მატარებელი ევროპასა და აზიას შორის. ეს ნიშნავს უსაფრთხოებას, ეკონომიკურ კეთილდღეობას, ნორმალურ ცხოვრებას, ადამიანურ ცხოვრებას, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ ამ დროს: ჩვენ გვჭირდება ახალი გზები, აეროპორტები, პორტების განვითარება, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. თუ ინფრასტრუქტურა არ გაქვს, ტვირთი როგორ უნდა გაატარო? თუ გზა არ გაქვს, მაშინ ჩიხი გაქვს, რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ ჩიხად გვაქცია.
საქართველო დღეს უარს ამბობს მილიონებზე ამ გაჩერებული პროექტების გამო და რუსეთის მიმართულებით ახალი გზის განვითარება... რუსეთისკენ გზა კი არა, ქვეყნის შიგნით გზა არ არის“, - ამბობს გიორგი ვაშაძე.