" საინფორმაციო ომის პირობებში ვიმყოფებით და ამ საინფორმაციო ომს ერთობლივი ძალებით უნდა დავუპირისპირდეთ. კარგი სტარტია, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეიქმნა ფორმატი, რომელიც აერთიანებს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს", - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "ღამის კურიერში განაცხადა და განმარტა, რომ ოპოზიციას გამარჯვებისთვის სჭირდება ერთიანი შტაბი, ომის ერთიანი მოგება, ერთიანი გზავნილები ქართულ საზოგადოებას და ერთიანი გზავნილები საერთაშორისო საზოგადოებას.

"ჩვენ უნდა ვიყოთ კოორდინირებულები. საინფორმაციო ომის პირობებში ვიმყოფებით და ამ საინფორმაციო ომს ერთობლივი ძალებით უნდა დავუპირისპირდეთ. კარგი სტარტია, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეიქმნა ფორმატი, რომელიც აერთიანებს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს. ჩვენ ორშაბათს გვქონდა პირველი შეხვედრა და შევთანხმდით, რომ ამ ფორმატში რამდენიმე მიმართულებით ვიმუშავებთ. ჩვენი მიზანია საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატიული და ევროპული განვითარების გზას. ამისათვის აუცილებელია პოლიტ პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. ამ მიზანს, რაც გვაქვს ყველა ვიზიარებთ და ახლა ჩვენ გვჭირდება საერთო, შტაბური, საინფორმაციო მუშაობა. "ქართულ ოცნებას" ხელში აქვს ორი იარაღი, ერთი არის დეზინფორმაციის მანქანა, რომელიც ცდილობს, რომ ადამიანების გონებაზე იძალადოს. ჩვენი ამოცანაა და შევთანხმდით, რომ საინფორმაციო გზავნილების თვალსაზრისით გვექნება სრული კოორდინაცია და ამ საკითხში ქალბატონი სალომეც დაგვეთანხმა. ერთიანი სია არის შემდგომი ნაბიჯი. ეს საკითხი გრძელვადიანი ხედვის ნაწილში დავსვი. მე სიის საკითხს არ ვსვამ, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. მე ვამბობ, რომ ერთიანი შტაბი, ერთიანი ამ ომის მოგება, ერთიანი გზავნილები ქართულ საზოგადოებას, ერთიანი გზავნილები საერთაშორისო საზოგადოებას და ჩვენ ეს დავიწყეთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.