ფრენების აღდგენას რა ფასი აქვს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ფასი გაცილებით მეტია ვიდრე თვითმფრინავების ფრენა და ეს ფასი ჩვენ არ უნდა გადავიხადოთ - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან მიმართებით დანაშაულად მიმაჩნია ეს პინგ-პონგი, რასაც თამაშობს კობახიძე და ლავროვი ერთმანეთს შორის, ანუ ივანიშვილი და პუტინი თავის ხელის ბიჭებით, ეს არის დანაშაული საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. რუსეთისთვის ფრენების და ნებისმიერი მსგავსი საკითხი ყოველთვის იყო პოლიტიკური იარაღი. ეს შევარდნაძის ეპოქიდან კარგად გვახსოვს, 2001 წელს როცა რუსეთმა სავიზო რეჟიმი შემოიღო საქართველოსთან, ბევრი ჩვენგანი ვიყავით სტუდენტები ან პატარა ბავშვები და შეიძლება მეხსიერება გვღალატობს და ყველაფერი აღარ გვახსოვს. ფრენების აღდგენაზე არ საუბრობს იმიტომ, რომ საქართველო შეუყვარდა, არამედ თავის მზაკვრული გეგმების რეალიზება სურს. ფრენების აღდგენას რა ფასი აქვს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ფასი გაცილებით მეტია ვიდრე თვითმფრინავების ფრენა და ეს ფასი ჩვენ არ უნდა გადავიხადოთ. რუსეთი შეეცდება სატყუარები დაგვიკიდოს, თითქოს პროგრესის მიღწევა შესაძლებელია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე, წავიკითხოთ ყველა ის დეტალი რაც გავიარეთ დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე და დავინახავთ, რომ მათი მხრიდან ქმედებები ზუსტად ისეთივეა. ფრენების აღდგენას აქვს პოლიტიკური ფასი, რა პოლიტიკურ ფასს იხდის "ქართული ოცნება"?! როცა სანქციები დაგიწესა რუსეთმა, მაშინ როცა საომარი მოქმედებები არ არსებობდა და დღეს ამ სანქციებს გიხსნის, ეს ნიშნავს, რომ რაღაც სხვა ხდება, რა? - გარიგება და თუ ამის მონაწილეა საქართველო, ის დაკარგავს კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას, ამიტომ უნდა რუსეთს, კობახიძეს და ივანიშვილს, რომ აღადგინოს ეს ფრენები, რომ საბოლოო უარი მივიღოთ,"- განაცხადა ვაშაძემ.