დღეიდან ახალი წერტილი იწყება ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, როდესაც ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის დოკუმენტში ჩანაწერი გაჩნდება ახალ არჩევნებზე, – ამის შესახებ ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დარწმუნებულია იოზვიაკი მალე დაწერს განსხვავებულ აზრს.

„ამ წერტილის ახალი სტარტი დაიწყება დღეიდან, როდესაც აქ გაჩნდება პირდაპირ ჩანაწერი ახალ არჩევნებზე. ამიტომ ვართ ამდენი ჩამოსული. პირდაპირ გეუბნებით, დღეიდან ახალი წერტილი იწყება სწორედ ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. როგორც კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტი იქნება მიღებული, ეს იქნება უკვე სახელმძღვანელო დოკუმენტი სრულიად ევროპისთვის, არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, არამედ დამატებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროსაბჭოში შედიან. ამიტომ ვართ აქ და, დარწმუნებული ვარ, მათ შორის იოზვიაკიც, მალე დაწერს უკვე განსხვავებულ აზრს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა სტატია გამოაქვეყნა, სადაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბოლოდროინდელ ურთიერთობას განიხილავს. სტატიაში იოზვიაკი აღნიშნავს: „ევროკავშირის მაღალჩინოსანმა მითხრა, ვერ ვამბობთ, რომ საქართველოში არჩევნები უკანონო ან არალეგიტიმური იყო, ჯერ კიდევ დარღვევებზე ვსაუბრობთ და ამ წერტილს ვერ გავცდითო“.