„ოპოზიციონერ კოლეგებთან ვერ მქონდა კონსულტაცია, რადგან მთელი დღე თქვენთან ერთად ვარ. მე უკვე გავაგზავნე განცხადება ამ თვითმარქვია ორგანოში, რომელსაც ისინი პარლამენტს უწოდებენ და დაუყოვნებლივ მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი მანდატი. დაუყოვნებლივ მოვითხოვ, მიიღონ გადაწყვეტილება, რომ გაუქმდეს მათთან ჩემი ყოველგვარი კავშირი." - ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.


არანაირი კავშირი ამ თვითმარქვია დაჯგუფებასთან არ მექნება და ვიქნები თქვენთან ერთად ბოლომდე, რათა მოვიპოვოთ გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგებიც იმავეს გააკეთებენ, უბრალოდ, მე ახლა აქ ვარ და აქედან მოგმართავთ თქვენ. ეს განცხადება უკვე რეგისტრირებულია პარლამენტში, გაგზავნილია ელექტრონული ფოსტით და დაუყოვნებლივ, ხვალვე მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი მათთან კონტაქტი. მათთან არაფერი მაკავშირებს, არანაირი მანდატი, არანაირი პარლამენტი არ არსებობს. არსებობს ეს თვითმარქვია ორგანო და არსებობთ თქვენ, ძალაუფლება თქვენშია და არა – მათში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

ცნობისთვის, 88 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მე-11 მოწვევის პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს.