გვჭირდება ერთიანობა, რადგან არ წავიდეთ სიღატაკისკენ, იზოლაციისკენ, ეს არის გადამწყვეტი მნიშვნელობის არჩევნები, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენით საქართველო კარგავს უვიზო მიმოსვლას ევროპასთან.
"ჩვენ გუშინ მივიღეთ ორი უმძიმესი ინფორმაცია. ერთი მხრივ, საუბარია ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე და ამასთან ერთად, დაფინანსების შეწყვეტაზე. მეორე მიმართულება არის სანქციები. ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები არ არის მხოლოდ მისი სანქციები, ეს არის ფაქტობრივად, საქართველოს ეკონომიკური კოლაფსისკენ გზა. ეს არის გზა, რომელიც საქართველოს მოაქცევს იზოლაციაში და უმძიმეს ვითარებაში ჩავვარდებით აბსოლუტურად ყველა. წარმოიდგინეთ, „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენით, ივანიშვილის სანქცირებით, საქართველო კარგავს უვიზო მიმოსვლას ევროპასთან, მილიარდობით დაფინანსებას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ევროპული და ამერიკული ინსტიტუტებიდან, რაც ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლასა და დანგრევას.
ხელისუფლებაში გვყავს ადამიანი, რომელიც მხილებულია რუსეთთან თანამშრომლობაში. მინდა, გუშინდელი ინფორმაციიდან ტექსტი ამოვიღო და ყურადღება მიაქციოთ – „ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადადგა ნაბიჯები, რათა განევითარებინა ურთიერთობა რუს ოლიგარქებთან, რათა რუსეთისთვის მიეცა უკეთესი წვდომა საქართველოს ბაზრისთვის. რაც ყველაზე საგანგაშოა, მან გარკვეული ქმედებები რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მითითებებით გაატარა“. პირდაპირ ვამბობ, რომ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები ყველა ამ ფაქტის. ამიტომ, ვფიქრობ, 26 ოქტომბერი გადამწყვეტია. საზოგადოებრივი აზრის ყველა კვლევით, „ოცნება“ მარცხდება, მაგრამ ისე, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთიანობა. ერთიანობა, რადგან არ წავიდეთ სიღატაკისკენ და იზოლაციისკენ, არამედ წავიდეთ განვითარებისკენ, ევროკავშირისკენ. ყველას გვქონდეს ევროკავშირის პასპორტი, მივიღოთ ის 14 მილიარდი, რომლითაც შეგვიძლია, ქვეყანა ფეხზე დავაყენოთ. რაც მთავარია, რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან მოთანამშრომლე ადამიანებს ვუთხრათ უარი, ეს არის გადამწყვეტი მნიშვნელობის არჩევნები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.