პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის გიორგი შარაშიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ პროტოკოლურ, შაბლონურ წერილს იყენებს პროპაგანდისა და შიდა მოხმარებისთვის, თითქოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა ხდება.

მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რამდენად სავალალო მდგომარეობაშია „ოცნება“ და რომ მას არ შეუძლია რეალური ნაბიჯების გადადგმა ურთიერთობების გადასატვირთად.

„ასეთ პროტოკოლურ, შაბლონურ წერილებს იღებს ყველა ქვეყანა, ვინც თავის მხრივ ულოცავს ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს. „ოცნებას“ და ირაკლი კობახიძეს საიმისოდ რომ აქვს საქმე, ეს გამოიყენოს შიდა მოხმარებისთვის, თითქოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვას აქვს ადგილი, ეს არის მთავარი პრობლემა. ეს რომ სჭირდება „ოცნებას“ და „ოცნების“ პროპაგანდას, ესაა პრობლემა. „ოცნებას“ თუ სურს, დაანახოს ქართველ ხალხს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან და ზოგადად, ცივილიზებულ დასავლურ სამყაროსთან ურთიერთობების გადატვირთვის და გაუმჯობესების რეალური ნაბიჯები, მაშინ თავად უნდა გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები. თავად უნდა შეცვალოს ანტიდემოკრატიული ქცევა, თავად უნდა თქვას უარი ძალადობაზე, ავტოკრატიაზე და დაუბრუნდეს იმ ღირებულებებს, ვალდებულებებს, რაც მას ამ შემთხვევაში ევროკავშირის წინაშე აქვს აღებული. ასე რომ, სასაცილო მდგომარეობაშია „ოცნება“. არ მეგულება სხვა ქვეყანა, რომელიც ამ შაბლონურ წერილს იყენებს რაღაც განსაკუთრებული აგიტაციისთვის და პროპაგანდისთვის. ეს რომ სჭირდება „ოცნებას“, ადასტურებს, რამდენად სავალალო მდგომარეობაშია „ოცნება“ და რამდენად არ ძალუძს მას რეალური ნაბიჯების გადადგმა. სურს, ეს პროტოკოლური, შაბლონური წერილები, ფოტოები, ხელის ჩამორთმევა – ასეთი ჩვენ არაერთი ვიცით – გაასაღოს რაღაც განსაკუთრებულ მიღწევად. ამ დროს, ქართველ ხალხს არ აინტერესებს არც პროტოკოლური ფოტოები და არც შაბლონური წერილები, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს და რამდენად დიდ პატივსაც არ უნდა ვცემდეთ ჩვენ ყველანი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს. აქ მთავარი არის რეალური ქმედებები და რეალურ ქმედებებს არა თუ ვერ ვხედავთ, არამედ, სამწუხაროდ, ყოველდღიურად საპირისპიროს ვხედავთ „ოცნების“ მხრიდან“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს წერილი გაუგზავნა და ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილეს მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, ტრამპი წერილში აღნიშნავს: „მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“.