ამერიკულ მხარესთან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა იყო. რა თქმა უნდა, ამერიკული დელეგაციის ინტერესია, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი  თქმით, ამერიკულ მხარეს აქვს ყველანაირი ინფორმაცია, რამდენად აზიანებს „ოცნება“ საქართველოს დემოკრატიულ მომავალს.

„შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი იყო საგარეო პოლიტიკაზე, მათ შორის ჩვენს ბოლო რეზოლუციაზე რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რაზეც, სამწუხაროდ, „ოცნებას“ აქამდე ხმა არ ამოუღია. რა თქმა უნდა, ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის ამის გაგება მნიშვნელოვანი იყო. რა თქმა უნდა, მათ აქვთ ყველანაირი ინფორმაცია, რამდენად აზიანებს „ოცნება“ საქართველოს დემოკრატიულ მომავალს. ჩვენი ამერიკელი პარტნიორებიც იმის მოლოდინში არიან, რომ „ოცნება“ იმ ტერმინს სერიოზულად შეხედავს, რასაც იყენებს – გადატვირთვას. რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი მხოლოდ საჯარო განცხადებები, საჭიროა რეალური ქმედებები, რათა საქართველო რეალურ დემოკრატიულ გზას დაუბრუნდეს. სხვა შემთხვევაში მოლოდინი იმისა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა აღდგება, სამწუხაროდ, არ უნდა გვქონდეს.

თავად ის ფაქტიც, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო იქნება სომხეთში და არა საქართველოში, არის მორიგი გზავნილი საქართველოსთვის, რომ ვიდრე თავად „ოცნება“ არ იქნება მზად სერიოზული ნაბიჯების გადასადგმელად, იქამდე უმაღლეს დონეზე შეხვედრების და სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. ჩვენთვის ნებისმიერი დონის ვიზიტი მნიშვნელოვანია. ეს ვიზიტიც მნიშვნელოვანი იყო. მთავარია, „ოცნებამ“ კეთილი ინებოს და იმ პრინციპებს დაუბრუნდეს, რაშიც ამერიკას უზარმაზარი რესურსი აქვს ჩადებული. პირველ რიგში, დემოკრატიულ განვითარებას ვგულისხმობ“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.