ერთობაზე როცა ვსაუბრობთ, პირველ რიგში, უნდა გავმიჯნოთ, ვისთან ერთობაზეა საუბარი, – ასე უპასუხა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, როგორ უყურებს გახარია „საქართველოსთვის“ ოპოზიციის ახალი ერთობის პერსპექტივას, რადგან პარტიას აქვს ცალსახად ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ ამ ერთობაში თავს არ მოიაზრებს, თუმცა ერთობის ინიციატორებიც ეწინააღმდეგებიან მათთან კონსულტაციებს და მათ იქ ყოფნას.

„ოპოზიციური სპექტი ამ შემთხვევაში, ერთობას ვინც განიხილავს, დიდწილად ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, მისი წარმონაქმნები და მათთან პირდაპირ, თუ ირიბად დაკავშირებული სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციები. ამ მიმართულებით ჩვენ ნამდვილად არ განვიხილავთ ერთობას ამ პარტიებთან. ეს ჩვენთვის არის წითელი ხაზი. ახლა თქვენ თქვით, რომ მათაც არ აქვთ სურვილი, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ დააგვიანეს. ჩვენ ძალიან დიდი ხანია, ვამბობთ და ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ეს პოზიცია გვქონდა, რომ ნებისმიერი ტიპის კოალიციას გამოვრიცხავდით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მათთან დაკავშირებულ პარტიებთან“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

მისი თქმით, „ლელოსთან“ თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავენ.

„ჩემი აზრით, მუნიციპალურ არჩევნებზე, უახლოეს ისტორიაში, პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი ვაჩვენეთ, როდესაც მერობის ერთიანი კანდიდატი გვყავდა და ა.შ, როდესაც გამორიცხეთ კონკურენცია ერთმანეთში. ეს შესაძლოა, ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის გარკვეულწილად, დამაზიანებელიც კი იყო ერთი მხრივ, სუფთა პრაგმატული თვალსაზრისით, შედეგებიდან გამომდინარე, მაგრამ ამას იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ზოგადად პოლიტიკური პროცესისთვის, რომ ჩვენ ამ ნაბიჯზე წავედით, თუმცა დღეს, არც „ლელოსთან“ თანამშრომლობაა აქტუალური. უბრალოდ, პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ჩვენი კონკრეტული სტრატეგია, ტაქტიკა, ვართ პარლამენტში მათ შორის, დებატების ფორმატშიც, რომელიც ახლა წამოსწია „ოცნებამ“ თორემ სინამდვილეში, ჩვენ უკვე ვართ ამ ფორმატში“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

 შეკითხვაზე, მზად არის თუ არა „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური გუნდი დებატებისთვის, რომ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დასხდნენ ხელისუფლების წარმომადგენელთან ტელეეთერში იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს ხელისუფლებას ესახება, შეურაცხყოფების გარეშე, კონსტრუქციულ რეჟიმში, შარაშიძემ აღნიშნა, რომ მათი გუნდი ნამდვილად გამოირჩევა კონსტრუქციულობით და ვერავინ ვერ გაიხსენებს ვერც ერთ მაგალითს, როცა მათი გუნდიდან ვინმე, სადმე არაკონსტრუქციულად მოიქცა.

„ასევე ვერავინ ვერ იტყვის, რომ ჩვენთვის დებატები არის რამე სიახლე. რა თქმა უნდა, მე არ დამყავს მხოლოდ დებატების დონეზე საპარლამენტო მუშაობა, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება პარლამენტის სწორედ პოლიტიკური დებატია, ჩვენ უკვე ვართ დებატებში „ოცნებასთან“ პარლამენტში, კიდევ უფრო აქტიურად ვიქნებით საგაზაფხულო სესიიდან და მომავალშიც. ასე რომ, ჩვენ, როგორც თქვენ, ველოდებით ჯერჯერობით ფორმატს და თუ ეს არ იქნება რაღაც ფარსი და იქნება რეალური დებატი, რა თქმა უნდა, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს”, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართველ ხალხს არჩევანის სწორი ანალიზით გასაკეთებლად, საშუალება უნდა მიეცეს, საჯაროდ მოისმინოს ყველა ჯგუფის პოზიცია, ვისაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.