"ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ გვჭირდება რუსულ მხარესთან რაციონალური, მშვიდი დიალოგის აგება. არა დაპირისპირება და იარაღის ჟღარუნი, არამედ რაციონალური დიალოგი",- ამის შესახებ დღეს ქუთაისში კადეტთა სკოლაში სტუმრობისას საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქარათველოს ურთიერთობებში არის ორი მხარე, საქართველოს და რუსეთის სახელმწფოებრივი ინტერესები. სწორედ ამ ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს ორივე ქვეყანამ.
"ერთ მხარეს არის საქართველოს ინტერესები, მეორე მხარეს იქნება რუსეთის ფედერაციის ინტერესები და ჩვენ ვილაპარაკებთ ამ კონკრეტულ ინტერესებზე. ამ დიალოგში არის ერთი ძალიან სერიოზული წინაპირობა, რუსეთის ფედერაციამ უნდა აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.
რუსეთის ფედერაცია, ვერსად გაექცევა იმას, რომ მან მოახდინა მშვდიობიანი მეზობელი ქვეყნის ოკუპაცია.
ჩვენი პოზიცია არის ნათელი და მტკიცე, საქართველოს არცერთი მოქალაქე და არცერთი ხელისუფლება ხელს არ მოაწერს ოკუპაციას. ეს არის წინაპირობა.
არ გვაქვს არანაირი მტრული დამოკიდებულება რუსეთის მიმართ და რაღაც იქს მომენტში, უნდა შევძლოთ და ერთმანეთს ვესაუბროთ არა პოლიტიკური რიტორიკით, არამედ რაციონალურად, ერთმანეთის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე",- განაცხად პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტი ქუთასში კადეტთა სკოლაში იმყოფებოდა. მან კადეტების საცხოვრებელი კორპუსები, სავარჯიშო დარბაზი და ბიბლიოთეკა დაათვალიერა. შეხვედრის ბოლოს კი კადეტებისთვის ლექცია გამართა.