"საზოგადოება ქართულის" საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ისტორიკოსმა, ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ქართულ ეკლესიასთან დაკავშირებით გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის განცხადება შეფასებისას განმარტა, რომ როდესაც საქართველოში მტერი შემოდიოდა, პირველ დარტყმას სწორედ საქართველოს ეკლესიას აყენებდა.

"ელემენტარული საქართველოს ისტორია ყველამ იცის. როდესაც მტერი შემოდიოდა საქართველოში, პირველ დარტყმას აყენებდა საქართველოს ეკლესიას. ეს იყვნენ მონღოლები, არაბები, სპარსელები და ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო რუსული იმპერიალიზმი. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ავანგარდშიც პირველი იდგა ეკლესია. ჯერ საქართველოს ავტოკეფალია აღდგა, შემდეგ გამოაცხადა საქართველომ დამოუკიდებლობა. ისე არ ჩაივლიდა, ილია ჭავჭავაძე არ გვეხსენებინა. მინდა პატარა ამონარიდი წაგიკითხოთ, რომელიც ყველას დაავიწყდა. „ქრისტიანობა, ქრისტეს მოძღვრების გარდა ჩვენში ნიშნავდა მთელის საქართველოს მიწა-წყალს, ნიშნავდა ქართველობას. დღესაც, მთელს ამიერკავკასიაში, ქართველი და ქრისტიანი ერთისა და იმავეს მნიშვნელობის სიტყვები არიან. გაქრისტიანების მაგივრად, იტყვიან - გაქართველდაო“. პირდაპირი პარალელი გააკეთა. რა თქმა უნდა ამით ილიას არ გამოურიცხავს არც სამუსულმანო საქართველოს ნაწილი, მაგრამ მან ეროვნული თვითმყოფადობის ნიშანსვეტად სწორედ ეს მიიჩნია. ეს არის ისტორიული პროცესი. ყველა დიდ დამპყრობელთან, ვისთანაც ქართველობას უწევდა შეჭიდება, პირველი დარტყმა საქართველოს ეკლესიაზე მოდიოდა“, - განაცხადა გიორგიკალანდიამ.

თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთიმ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: “როგორ უნდა შექმნა ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე, მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მჭიდრო მოკავშირისა მმართველი პარტიისა? ეცადეთ აბა ამის გაკეთება - ტვინების გადინება იქნება სრული კატასტროფა თქვენი ქვეყნისთვის. ეს არის ჩემი გზავნილი“.