ცესკომ საარჩევნო პროცესისთვის მზადებას ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო. ახალი მოდერნიზებული სისტემა რვაჯერ შემოწმდა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის კი საინფორმაციო კამპანიები განხორციელდა, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

„ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენს 3 508 294-ს, მათ შორის არის ის 95 ათასი ამომრჩეველი, რომელიც უცხოეთში მიიღებს მონაწილეობას. იმ ძალისხმევის შედეგად, რომელიც ინსტიტუციამ ამ პერიოდის განმავლობაში ჩადო, ჩვენ შეგვიძლია სრული მზაობა გამოვთქვათ და დავადასტუროთ არჩევნების მაღალ პროფესიულ ადმინისტრირებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.

გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ეს არჩევნები გარკვეული სიახლეებით არის გამორჩეული.

„შეიცვალა საარჩევნო სისტემა, რომლის თანახმადაც, ნაცვლად შერეულისა და ნაცვლად მაჟორიტარებისა და პარტიების არჩევისა, ამომრჩეველი აირჩევს მხოლოდ მისთვის სასურველ პოლიტიკურ გაერთიანებას. ასეთი პოლიტიკური გაერთიანებების რაოდენობა გახლავთ 18. ყველა ვადა იმისთვის, რომ პარტიამ გაიუქმოს რეგისტრაცია, ამოწურულია“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.