„უნდა გვახსოვდეს ჰოლოკოსტის გაკვეთილები და მათ შესახებ მომავალ თაობებსაც ვუამბოთ, რათა მსოფლიო იყოს უფრო ერთიანი სიძულვილთან, შეუწყნარებლობასთან, ძალადობასა და სისასტიკესთან ბრძოლაში. ჰოლოკოსტის მსხვერპლთა პატივის მიგების საუკეთესო გზა იმის უზრუნველყოფაა, რომ მსგავსი სისასტიკე აღარასდროს განმეორდეს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

პარლამენტისა და ისრაელის საელჩოს მიერ ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ ერთობლივ ღონისძიებას ესწრებოდნენ: პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, სახალხო დამცველი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ებრაული თემის წარმომადგენლები.