მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ კვლევა, რომლის მიხედვით, მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია, მიუთითებს, რომ მთავრობა მოსახლეობის უდიდესი ნაწილის აზრით ფუნქციონირებს ეფექტიანად
"ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ მთავრობა მოსახლეობის უდიდესი ნაწილის აზრით ფუნქციონირებს ეფექტიანად და მაშინ, როდესაც ვისმენთ პრეტენზიებს ქვეყნის გარედან და ეს კითხვები არის შეგნებულად წამოჭრილი, აი ამ კვლევებში, რომელსაც თავად ევროკომისია აკეთებს, ჩანს, რომ თურმე საქართველოში მდგომარეობა ბევრად უკეთესი არის იმ ნაწილში, რაზეც ისინი კითხვებს აჩენენ ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში, ვიდრე ევროკავშირის ქვეყანათა უმრავლესობაში.
მთავრობისადმი ნდობის საკითხი, რა თქმა უნდა, ეს ბევრ რამეზე მიუთითებს და ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ხშირ შემთხვევაში საქართველოსთან არსებობს ორმაგი სტანდარტებიდან გამომდინარე დამოკიდებულება", - განაცხადა გიორგი კახიანმა.
ევროკომისიის კვლევის შედეგები მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში გამოაქვეყნა. ევრო ბარომეტრის შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველოს მთავრობამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი 54% მიიღო და ევროპის საუკეთესო ხუთეულში ლუქსემბურგთან, დანიასთან, მონტენეგროსთან და ავსტრიასთან ერთად მოხვდა.






