მომრავლდნენ ისეთი ევროპარლამენტარები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სასარგებლო განცხადებებს აკეთებენ, პირდაპირ ითქვა, რომ მიდგომა, რომელიც ზოგიერთ ევროპარლამენტარს აქვს, ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

კახიანი ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებს გამოეხმაურა.

დებატები, რომელიც მოულოდნელად ჩაინიშნა, იმ სცენარის გაგრძელებაა, რასაც თბილისში ვხედავდით, როდესაც სხვადასხვა ევროპული სახელმწიფოს პარლამენტების წევრები იყვნენ ჩამოსული. ზოგიერთი მათგანისგან საპროტესტო აქციებზე პირდაპირ მოვისმინეთ მოწოდებები სახელმწიფო გადატრიალებისკენ. ცდილობენ, გარედან შეეშველონ და მუხტი შემატონ რადიკალურ ოპოზიციას, რომელსაც არანაირი რესურსი არ აქვს და თავიანთ ამომრჩეველსაც ვერ დააჯერეს, რომ არჩევნები გაყალბდა.

ამ მცდელობებს ვხედავთ ქვეყნის გარედანაც. ევროპარლამენტარებისგან ადრეც მოგვისმენია სრულიად უსაფუძვლო განცხადებები, როდესაც გაუგებარი და უარგუმენტო მიზეზებით აკრიტიკებდნენ ჩვენს ქვეყანას.

დებატებში სიახლე იყო ის, რომ ამ ევროპარლამენტში მომრავლდნენ ისეთი ევროპარლამენტარები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სასარგებლო განცხადებებს აკეთებენ. არაერთი ევროპარლამენტარის მხრიდან პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ მიდგომა, რომელიც ზოგიერთ ევროპარლამენტარს აქვს, ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა. ეს არის საერთაშორისო სტანდარტებით დაუშვებელი.  იზრდება ჩვენი პოლიტიკის მხარდამჭერი ევროპარლამენტარების რიცხვი და, დარწმუნებული ვარ, რაც დრო გავა, მათი რიცხვი კიდევ უფრო მოიმატებს. არ არსებობს არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომ ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს. ევროპარლამენტარების მხრიდან ასეთ მოთხოვნებს როდესაც ვისმენთ, ეს ნიშნავს ჩვენი საზოგადოების დაშანტაჟების მცდელობას. მოსახლეობის გარეთ გამოსვლა თუ არ მოხდება, რასაც, საბოლოო ჯამში, უნდა მოჰყვეს სახელმწიფო გადატრიალება, ასეთ შემთხვევაში, თურმე შესაძლებელია, ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.